“საქართველოს ბანკზე” თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა დღეს დილას დააკავეს. ახლახანს კი ცნობილი ხდება, რომ ის ბრალს არ აღიარებს და არც გამოძიებასთან თანამშრომლობს.
შეგახსენებთ, შეიარაღებული ტერორისტი საქართველოს ბანკის ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა. მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, თავდამსხმელის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც ბადრი ესებუასთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. ის ასევე ჰყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო “კბილებამდე შეიარაღებული” – მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.
თავდამსხმელი მოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად. დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად – მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ. აქედან რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.
მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბადრი ესებუა ზუგდიდში თავდასხმის ღამესვე იყო იდენტიფიცირებული, ის დაკავებული ამ დრომდე არ იყო. მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე უარყოფს, რომ 2020 წელს დამნაშავე დააკავეს და ის გაიქცა.
