24 ნოემბერს Wizz Air-ის ქუთაისი–ბერლინის რეისზე მომხდარ ინციდენტს მგზავრი ანა ნონიკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, თვითმფრინავის აფრენის შემდეგ ძლიერი ტურბულენტობა დაიწყო, რის გამოც ერთ-ერთი მგზავრი შეუძლოდ გახდა და ეკიპაჟმა თვითმფრინავის უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ნონიკაშვილი მომხდარის დეტალების გასაჯაროებასა და კითხვებზე პასუხების მიღებას ითხოვს.
„სახლში ვარ და, როგორც იქნა, მოვიცალე ამ პოსტის დასაწერად, ჯოჯოხეთური 48 საათის შემდეგ…
24 ნოემბრის Wizz Air (W67909) ქუთაისი–ბერლინის რეისი ჩემს და ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში დიდ ფსიქოლოგიურ ტრავმას რომ დატოვებს, ეს ცხადია.
თვითმფრინავის აფრენის შემდეგ ძლიერი ტურბულენტობა იყო. ერთ-ერთ განსაკუთრებით ძლიერ რყევას მგზავრის ცუდად გახდომა მოჰყვა. რა თქმა უნდა, თვითმფრინავი უკან უნდა
დაბრუნებულიყო და ცუდად გამხდარი მგზავრი ექიმებისთვის გადაეცათ. თუმცა სწორედ ეს დაბრუნება იქცა ბევრი ჩვენგანისთვის სიკვდილთან შეხვედრად.
თვითმფრინავის მოძრაობა ვარდნის შეგრძნებას ქმნიდა და ეს, ჩვენი აღქმით, მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა იმ მომენტში დროს ვერცერთი ჩვენგანი ვერ გავზომავდით. უამრავ რეისზე ვყოფილვარ, არაერთი ძლიერი ტურბულენტობაც გამომიცდია, მაგრამ მსგავსი რამ არასოდეს განმიცდია. ძალიან
რთულია დავიჯერო, რომ ყველაფერი მხოლოდ ტურბულენტობით იყო გამოწვეული.
აქ არაფერ შუაშია არც ქალი პილოტი და არც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია. აქ საუბარია ადამიანების უსაფრთხოებაზე და იმაზე, თუ რა მოხდა სინამდვილეში. საბედნიეროდ, ყველაფერი ტრაგედიით არ დასრულებულა და მადლობა პილოტს, რომელმაც თვითმფრინავის თბილისში უსაფრთხოდ დასმა შეძლო.
არ ვიცი, რამდენად სრულყოფილად გაასაჯაროებს Wizz Air მომხდარის მიზეზებს და შემოიფარგლება თუ არა მხოლოდ მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობითა და არასახარბიელო ამინდით, მაგრამ ამ კითხვებზე პასუხს აუცილებლად მოვითხოვ. Wizz Air დღესაც ჩამესმის ადამიანების კივილი, ბავშვების ტირილი. თვალწინ მიდგას მგზავრების სახეები, რომლებიც გონებას კარგავდნენ და ისევ ფხიზლდებოდნენ.
ერთ მომენტში უბრალოდ ხელი ჩავიქნიე და საკუთარ თავს ვუთხარი: „ანა, რაც იქნება, იქნება. შენ არაფრის შეცვლა აღარ შეგიძლია.“
არავის ვუსურვებ ამ განცდის გამოცდას. სიკვდილის პირისპირ აღმოჩენა არც ისე მარტივია, როგორც ეს შეიძლება სხვისი მონაყოლიდან ჩანდეს.
და მათ, ვინც ამ ამბავს სიცილის ემოციებით, ირონიითა და კრიტიკით გამოეხმაურა, მხოლოდ ერთს ვეტყვი: ადამიანის შიში და გადატანილი ტრავმა დაცინვის საგანი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავად არ გამოგიცდიათ ის, რაც ჩვენ გამოვიარეთ“ – წერს ანა ნონიკაშვილი სოციალურ ქსელში
