პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ინიციატივა, რომლის ამოქმედების შედეგად დეკრეტული შვებულების თანხა აღარ დაყადაღდება.
72 – მომხრე, 1 – წინააღმდეგი – კენჭისყრის ამ შედეგით მიიღეს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები. დამტკიცებული პროექტის თანახმად, ყადაღას არ დაექვემდებარება და შედეგად აღსასრულებლად არ მიექცევა ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება.
მთავრობის დადგენილების თანახმად, ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა განსაზღვრულია არაუმეტეს 2 000 ლარის ოდენობით.
კანონპროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს.
