რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის გაზის გლობალური ბაზრიდან გამორიცხვის ნებისმიერ მცდელობას სერიოზული შედეგები მოჰყვება.
მისი თქმით, რუსეთი გაზის გლობალური ბაზრის მთავარი მოთამაშეა, რომელსაც ბუნებრივი აირის უდიდესი მარაგი აქვს.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ გაზის მსოფლიო ინდუსტრია ამჟამად რყევებს განიცდის. თუმცა, გაზის ფასები შესაძლოა ისევე მკვეთრად დაეცეს, როგორც გაიზარდა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დღეს გაზის მსოფლიო ბაზარზე მთავარი პრობლემა მიწოდების შეფერხებას უკავშირდება.
„დღეს მთავარი პრობლემა გაზის მიწოდების შეფერხებაა: მოკლე დროში ბაზარს მიწოდების მნიშვნელოვანი მოცულობები მოაკლდა, მაშინ როცა მოთხოვნა კვლავ არსებობს“, – აღნიშნა პუტინმა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსულ გაზზე უარის თქმით, ევროპა თავად აყენებს დარტყმას საკუთარ მრეწველობასა და სოციალურ სფეროს.
„სწორედ ამას ვხედავთ ახლა ევროპაში, რომელიც რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმითა და გრძელვადიანი კონტრაქტების გაწყვეტით თავად აყენებს დარტყმას საკუთარ მრეწველობასა და სოციალურ სფეროს“, – აღნიშნა პუტინმა.
