ეს დღე, განსაკუთრებით კი 28 ნოემბერი, არის ყველა ჩვენთაგანის მარცხის დღე, ვიდრე ივანიშვილი არის აქ. ყველა ჩვენგანის მარცხია ევროკავშირის გადადება, ჩვენი შვილების ნათელი მომავლის გადავადება უსასრულოდ, ჩვენი ისტორიული წინაპრების მარცხია ივანიშვილი ამ მიწაზე, მიტაცებული საქართველოს ხელისუფლება, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გვარამიას თქმით, მხოლოდ გამძლეობა აღარ არის საკმარისი, არამედ საჭიროა ბევრი ადამიანი პროტესტში.
„ვიდრე არ ვიქნებით ბევრნი, მხოლოდ გამძლეობა, მხოლოდ ის, რომ ჩვენ გავუძელით, მაგრები ვართ, ქვა და რკინასავით ვართ, აღარ არის საკმარისი – რაც მეტს გვიტევენ, მით უარესად ვპასუხობთ, ახლა მოვიდა ამისი დრო, რადგან მთავარია საქართველო ივანიშვილის გარეშე. ვიბრძოლებთ ყველა მიკრო ბრძოლას და მოვიგებთ ყველა მიკრო ბრძოლას. სასამართლოს დარბაზში, ქუჩებში, ტელევიზიებში, სადაც მიგვიშვებენ, სადაც ვიქნებით, ყველგან უნდა მოვიგოთ ყველაფერი, მცირეც, დიდიც, მნიშვნელოვანიც, ნაკლებად მნიშვნელოვანიც, გამარჯვებების გემო უნდა დავიბრუნოთ. ამისთვის უნდა ვიყოთ მაგრები, ვიაროთ წინ, უკან მოუხედავად და უნდა ვიყოთ ბევრნი, გავავსოთ ყველა სივრცე, დავიკავოთ ქუჩები, მოედნები, ვიბრძოლოთ ბოლომდე, რადგან ახლა იწყება ეტაპი, რომლის მთავარი ღერძი და შინაარსია – საქართველო ივანიშვილის გარეშე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
