პროკურორი გოგა კაკოჩაშვილი განმარტავს, თუ რის საფუძველზე გაუფორმდა მუქარის ბრალდებით დაკავებულ ბიზნესმენს, თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება.
მისი განცხადებით, შესაბამისი მოთხოვნით პროკურატურას ელიზბარაშვილმა და მისმა ადვოკატებმა მიმართეს.
„ბრალდებულმა აღიარა, მოინანია ჩადენილი დანაშაული ნებაყოფლობით. ადვოკატების მონაწილეობით დაწერა განცხადება, მომართა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, აღნიშნული აღიარების, მონანიების საფუძველზე, ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
თამაზ ელიზბარაშვილს პრობაციის შესაბამის დაწესებულებაში უნდა გამოცხადდეს კვირაში ერთხელ”,- განაცხადა კაკოჩაშვილმა.
კითხვაზე, როდესაც თამაზ ელიზბარაშვილი განმეორებით მიბრუნდა დაზარალებულებთან რესტორანში, ჰქონდა თუ არა იარაღი, პროკურორი პასუხობს, რომ „ის იარაღის დემონსტრირებას ახდენდა“.
„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული იარაღის დემონსტრირებას ახდენდა, დაზარალებულებს შეეშინდათ, შესაბამისად, მას აღნიშნულის საფუძველზე ბრალდება წარედგინა მუქარის მუხლით“, – განაცხადა კაკოჩაშვილმა.
ცნობისთვის, მუქარის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენი, თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. თამაზ ელიზბარაშვილი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.
საპროცესო შეთანხმების თანახმად, ელიზბარაშვილს 9 თვე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, ასევე, დამატებით დაენიშნა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
