მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს, ვარკეთილის მესამე მასივში, კალაუბნის ქუჩაზე მდებარე სანოტარო ბიუროში მამუკა მდინარაძის ნათლული ნუგზარ შოშიაშვილი და უახლოესი მეგობრის სიძე – ავთანდილ კუნჭულია მივიდნენ.
მათ სასწრაფო წესით მინდობილობის მომზადება მოითხოვეს. მდინარაძეს მისი თანაშემწისთვის მინდობილობების გაკეთება ახალი კომპანია დასაფუძნებლად სჭირდებოდა.
ნოტარიუსი ირმა გოგია მამუკა მდინარაძეს ვიდეო ზარით ურეკავს. გენერალ-მაიორი ეუბნება, რომ იმერეთშია და მინდობილობას მის თანაშემწეს, ნინო ჭანტურიას აძლევს. ჭანტურიას უფლებამოსილება ენიჭება, მდინარაძის სახელით იმოქმედოს საჯარო რეესტრში, შემოსავლების სამსახურსა და ბანკებში.
ირმა გოგია მდინარაძეს სიტყვაზე ენდო, რომ ის იმერეთიდან ერთვებოდა. ამავე დღეს, 9 ოქტომბერს, ნოტარიუსმა ფორმალურად დაადასტურა, რომ კაცი, რომელიც ვიდეო-ზარით ლაპარაკობდა, ნამდვილად მდინარაძე იყო და მინდობილობაც გაიცა.
9 ოქტომბერი პარასკევი იყო, შაბათ-კვირა დასვენების დღეა. ორშაბათს, 12 ოქტომბერს, დღის 1 საათზე, იუსტიციის სახლში უკვე მდინარაძის მინდობილობით მიდიან და კომპანიის დარეგისტრირებას ითხოვენ. 3 საათში რეესტრი წარმოებას ასრულებს და მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფს აფუძნებს. ოფიციალურ მისამართად კოსტავას 43ა ნომერია მითითებული.
ვერის ბაღში მდებარე თბილისის ელიტურ ბიზნესცენტრში, მამუკა მდინარაძის წარმომადგენელს 9 ოქტომბერს, 5 საათზე აძლევენ უფლებას, რომ კომპანიის ოფისი იურიდიულ მისამართად გამოიყენოს. აქ ადასტურებენ, რომ მდინარაძეს ოფისი ნაქირავები აქვს, თუმცა აქ არავინ გამოჩენილა.
ავთანდილ კუნჭულია, რომელიც მდინარაძის საქმეებს განაგებდა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეა იყო. მან პოსტი 21 სექტემბერს დატოვა. მანამდე იყო მდინარაძის ადმინისტრაციის უფროსი სუს-ში. ავთანდილ კუნჭულია მამუკა მდინარაძის უახლოესი მეგობრის ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილის გიორგი გელაშვილის და “ქართული ოცნების“ დეპუტატის, სალომე ჯინჭარაძის სიძეა.
რატომ ჩქარობდა მამუკა მდინარაძე კომპანიის შექმნას თან ისე რომ თბილისში ჩამოსვლამდეც ვერ დაიცადა. სად გაქრა სასწრაფო წესით დაფუძნებული ბიზნესი, რომლის ოფისშიც ჯერ არავინ გამოჩენილა? და საერთოდ რატომ დაიწყო მის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი იერიში მისივე გუნდმა კითხვები ბევრია, თუმცა კაცი, რომელსაც მდინარაძის მარჯვენა ხელს უწოდებენ, ამ დრომდე დუმილს ამჯობინებს.
