“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი არ გამორიცხავს, რომ პატიმრობაში მყოფმაყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ციხე დატოვოს.
პოლიტიკოსს ამ ვარაუდს “ქართულ ოცნებაში” ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით გამართული უმრავლესობის სხდომა აძლევს.
მისი თქმით, ივანიშვილის პარტიაში ყოფილი პრემიერის მიმართ რიტორიკა შეცვლილია.
ინაშვილი ვარაუდობს, რომ ღარიბაშვილს შესაძლოა, “სასამართლოზე საკუთარი სიმართლის დადასტურების” შესაძლებლობა მისცენ.
“ძალიან საინტერესოა, კობახიძის მიერ ღარიბაშვილზე დღეს გაკეთებული განცხადება – ივანიშვილმა რა თქვაო და “გულისწუხილი” [გამოთქვა] და ა.შ. ივანიშვილმა, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რა მოხდა ღარიბაშვილის თავს, და რა მონაწილეობა მიიღო კობახიძე-მდინარაძის ჯგუფმა ღარიბაშვილის წინააღმდეგ, ამიტომ არავითარი ნეგატიური არ უთქვას ღარიბაშვილზე. ამრიგად, ჩვენ წინ გველის ძალიან საინტერესო პროცესი, როემლიც ნამდვილად არ გამორიცხავს იმას, რომ ღარიბაშვილმა შეძლოს სამართლებრივად მისი სიმართლის დადასტურება”- განაცხადა ინაშვილმა.
ირაკლი კობახიძემ “ტვ პირველის” კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ დღეს გამართულ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილის შეწყალების საკითხზე საუბარი არ ყოფილა.
მისი თქმით, პარტიის პოლიტიკური საბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ძალიან ზოგადად შეეხო ბიძინა ივანიშვილი განვითარებულ მოვლენებს.
“ჩვენთვის ყველასთვის და მათ შორის პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისთვის გულსატკენია რაც მოხდა, როდესაც გუნდის ყოფილი წევრები იხდიან სასჯელს კონკრეტული დანაშაულებისთვის, ეს გულისტკივილი გამოითქვა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც. ეს, რა თქმა უნდა, იყო გუნდისთვის ერთგვარი დარტყმა, ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
