ოპოზიცია კაია კალასის განცხადებას აფასებს და „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესების საფრთხეზე საუბრობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, პარტიების შესაძლო აკრძალვამ შესაძლოა ქვეყნის ევროპულ მომავალს დამატებითი საფრთხე შეუქმნას.
“ლელო – ძლიერი საქართელოს” ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების მომავალი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. მისი თქმით, რეპრესიული კანონებისა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, ევროკავშირმა შესაძლოა საქართველოსთვის მინიჭებული პრივილეგიების გაუქმებაც განიხილოს.
მთლიანად საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობების მომავალი არის დღეს ბიძინა ივანიშვილის ხელში. ანუ თუ ის გააგრძელებს რეპრესიული კანონების გზით ჩვენი საზოგადოების დაჩაგვრას, აუკრძალავს საქართველოს ასობით ათას მოქალაქეს ფაქტობრივად პოლიტიკურ თანამონაწილეობას იმით, რომ აკრძალავს პატრიებს, იმიტომ, რომ პარტიების აკრძალვა ნიშნავს, რომ უუქმობს დაახლოებით მილიონამდე ადამიანს საკუთარ პოლიტიკურ არჩევანს, ცხადია, რომ ევროკავშირს არანაირი სხვა გამოსავალი არ დარჩება გარდა იმისა, რომ არათუ გააგრძელოს გაყინული მდგომარეობა გაწევრიანების პროცესის, არამედ წინ წავიდეს იმ პრივილეგიების გაქუმების თვალსაზრისით, რომელიც ჩვენ გვაქვს მიღებული, – ამბობს სალომე სამადაშვილი.
გახარიას გუნდის წევრი, ანა ბუჩუკური ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვას დიქტატურის დამყარების მცდელობად აფასებს. მისი განცხადებით, ეს საერთაშორისო პარტნიორებისთვის საგანგაშო სიგნალია, თუმცა ევროკავშირმა საქართველო და მისი ხელისუფლება ერთმანეთისგან უნდა გამიჯნოს.
ოპოზიციური პარტიების აკრძალვა საკონსტიტუციო სასამართლოს გზით, ეს უკვე აბსოლუტურად სხვა რეჟიმია და სხვა გზავნილია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ქვეყნის შგნით ეს ნიშნავს, რომ არაკონსტიტუციურად ვაცხადებ განსხვავებულ აზრს და ქვეყნის გარეთ ეს არის ღია სიგნალი, რომ მაქვს მცდელობა, დავამყარო დიქტატურა. ამ პირობებში და მაშინ, როდესაც ევროკავშირს მოუწევს საქართველოზე არსებითი მსჯელობა და განხილვა, ახლა, ვინმეს თუ ჰგონია, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ, დაემთხვა და “ოცნების” მხრიდან მიზანმიმართულად არ კეთდება ეს ყველაფერი, არ ვიცი… მაშინ, გამოდის, რომ ვარდისფერი სათვალე უკეთია. ამიტომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ მოვუწოდოთ და ვემუშაოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ უარი არ თქვან საქართველოზე, როგორც სახელმწიფოზე, იმიტომ, რომ ხელისუფლებები ადრე თუ გვიან იცვლება,- ამბობს ანა ბუჩუკური.
“კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი, თენგო თევზაძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად ცდილობს, ევროკავშირს საქართველოსთან ურთიერთობაზე უარი ათქმევინოს. მისი თქმით, ქვეყნის ევროპული მომავლის შენარჩუნება საბოლოოდ ქართველი ხალხის მოქმედებაზე იქნება დამოკიდებული.
აქ საუბარია იმაზე, ევროკავშირი გვეტყვის თუ არა უარს თვითონ. ანუ “ქართული ოცნების” მხრიდან ეს ნათქვამია, ამიტომ ამას ცდილობს ახლა “ქართული ოცნება”, რომ ევროკავშირს ათქმევინოს უარი. ის, რაც უნდა ყოფილიყო პასუხი დღეს და ხვალ, გადაიდო იანვარში მოსმენა და საბოლოო შეფასება, რა თქმა უნდა, “ქართული ოცნებაც” ამას დაელოდება, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს და დააშავებს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას მოუჭრას გზა ევროკავშირისკენ. შეძლებს თუ არა, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული, ქართველ ხალხზე, – ამბობს თენგო თევზაძე.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა სულ უფრო ღრმავდება, ხოლო „ქართული ოცნება“ მოსახლეობას ევროპულ მომავალს სისტემატურად ართმევს.
კალასის თქმით, ევროკავშირის ამჟამინდელი მიდგომა ცვლილებების მისაღწევად საკმარის ზეწოლას ვერ უზრუნველყოფს. მისივე განცხადებით, აღნიშნულ საკითხს ევროკავშირი იანვარში დაუბრუნდება.
