სავარაუდო გაუპატიურება ციხეში – “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი რუსთავის მე-6 დაწესებულების დირექტორის პასუხისმგებლობის დაყენების აუცილებლობაზე საუბრობს.
პოლიტიკოსი ამბობს, რომ უკვე წლებია, რაც პატიმრები შოთა ტრაპაიძის მხრიდან ძალადობასა და წამებაზე საუბრობენ, რაც მისი თქმით, დაუსჯელი არ უნდა დადგეს.
ინაშვილი ასევე საუბრობს პატიმარ გიორგი დავითაძის მიერ დასახელებული ბადრაგ გიორგი კვარაცხელიაზე, რომელიც პოლიტიკოსის თქმით, სავარაუდოდ, “კარანტინის დაშლის კადრებშიც მონაწილეობდა”.
აუცილებელია დადგეს რუსთავის მეექვსე დაწესებულების ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი. ეს არის შოთა ტრაპაიძე – როგორც ჩვენ ვიცით, არაერთი პატიმარი სხვადასხვა წლებში, დაწყებული 2014 წლიდან ავრცელებდა და ავრცელებს შემზარავ ინფორმაციებს, რომ ეს პირი ეწევა არაადამიანური მოპყრობის, წამების ორგანიზებას. ასევე აქ მონაწილეობდა ვინმე გიორგი კვარაცხელია, რომელიც ძალიან საინტერესო ეპიზოდია – კარანტინის დაშლის კადრები ყველას გახსოვთ, ეს გიორგი კვარაცხელია კარანტინის დაშლის კადრებშიც მონაწილეობდა. იყო შემდეგ გასამართლებული, როგორც მე ვიცი, რაღაცა პერიოდის შემდეგ, მოხდა მისი გადანიშვნა, ჩემი ინფორმაციით, სხვა სასჯელააღსრულების დაწესებულებაში. სამწუხაროდ, მე არ მაქვს დადასტურებული ინფორმაცია, ეს გიორგი კვარაცხელია იმ კარანტინის კადრებში მონაწილე გიორგი კვარაცხელიაა თუ სხვა გიორგი კვარაცხელია, მაგრამ დარწმუნებული ვარ სასჯელარსრულების დაწესებულებას აქვს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია”, – აცხადებს ირმა ინაშვილი.
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს – შოკისმომგვრელი ჩვენება 36 წლის კაცმა სააპელაციო სასამართლოს დარბაზში მისცა. მეექვსე პენიტენცირი დაწესებულების ბინადარი, გიორგი დავითაძე მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს.
პატიმრის თანახმად, უმძიმეს დანაშაულს 10-მდე თანამონაწილე ჰყავს – ისინიც ციხის ბადრაგები არიან. კაცის თქმით, არცერთი ბადრაგი ამ დრომდე პასუხისგებააში არ არის მიცემული.
გიორგი დავითაძე, რომელიც “ოცნების” ყოფილი დეპუტატის, ავთანდილ დავითაძის შვილია, დეესკალაციის ოთახში ჩაყვანის ორ ეპიზოდზე საუბრობს, ასევე ამბობს, რომ მასზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ ციხეში სუიციდის მცდელობაც ჰქონდა. მსჯავრდებული ამბობს, რომ არსებობს უმძიმესი დანაშაულის ამსახველი კადრებიც.
