23 წლის სტიქაროსნის ბურუსით მოცული გარდაცვალება – თემო ხადურის დედა, ნინო გვიშიანი ნახევარ საათზე მეტია ადვოკატთან ერთად გენერალურ პროკურატურაში იმყოფება, თუმცა ვის ხვდება უცნობია.
შვილმკვდარი დედა დღეს პროკურატურასთან მივიდა და გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძესთან შეხვედრა მოითხოვა.
ადგილზე ხმაური იყო – ნინო გვიშიანი ამტკიცებს, რომ 23 წლის ბიჭი პოლიციელებმა დევნის ოპერაციის დროს მოკლეს. თემო ხადურის დედა პროკურატურისგან სრულფასოვან გამოძიებას მოითხოვს.
“მოვითხოვ გენერალურ პროკურორთან, გიორგი გვარაკიძესთან შეხვედრას – სხვა არავისთან. თქვენ შვილები არ გყავთ, როგორ გძინავთ? ჩემი სიმწრით გაზრდილი შვილი, ჩემი თემო ხადური, უსპეტაკესი შვილი გავუზარდე მამულს. თქვენ შვილები გყავთ საერთოდ? გამოდით და პასუხი აგებინეთ ყველა იმ პოლიციელს, საწრაფოდ. არ გავჩერდები, აქცია ქუთაისშიც დასრულდება, სანამ პირში სული მიდგას, იმიტომ დამტოვა ღმერთმა ცოცხალი, რომ ჩემი შვილისთვის ვიბრძოლო. ეს სადიზმია, მკვლელობა კი არა. ზუსტად იცოდნენ კვალი როგორ გაქრებოდა, ამიტომ ჩააყუდეს ნაცემი სახით წყალში”, – ამბობს დედა ნინო გვიშიანი.
ქუთაისი – თერჯოლის მაგისტრალზე მომხდარ ფაქტზე ჟურნალისტური გამოძიება “შაბათის ეთერმა” ერთი წლის წინ გამოაქვეყნა.
TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისის წარმომადგენლებმა მოიპოვეს ვიდეო-მტკიცებულებები. სოფელ სიმონეთში, ერთ-ერთ ფერმაზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ მიმდინარეობს დევნის ოპერაცია დაუსახლებელ ადგილას.
ჩანაწერის მიხედვით:
2024 წლის 25 აგვისტოს 22 საათსა და 28 წუთზე თერჯოლის რაიონული სამმართველოს კუთვნილი პიკაპი ფერმასთან ჩნდება ამ ადგილას დაახლოებით 300 მეტრის დაშორებით მდინარის პირას სტიქაროსანი გარდაცვლილი ნახეს.
კადრში ჩანს, რომ პოლიციელები სტიქაროსანს ფერმის გარშემო ფანრებით ეძებენ. მანქანა დაუსახლებელი ტერიტორიიდან 7 წუთში, 22 საათსა და 34 წუთზე მიდის. [დედა არ გამორიცხავს, რომ მისი შვილი ამ დროს სასტიკად სცემეს და შემოაკვდათ].
მაშინ, ადგილზე მისულ “შაბათის ეთერთან” პოლიცია, არ აღიარებდა, რომ 23 წლის სტიქაროსანს მინდორ მინდორ ეძებდა. წესით, დევნის სპეცოპერაცია ნახშირღელის პოლიციის შენობაზე დამონტაჟებული კამერებსაც უნდა დაეფიქსირებინათ, თუმცა ეს ჩანაწერები გამქრალია.
თემო ხადურის ცხედარი 2024 წლის 28 აგვისტოს, მდინარე წაჩხურას კალაპოტში ადგილობრივებმა იპოვეს.
მომწეები, რომელთა ჩვენებები საქმეში დევს, ამტკიცებენ, რომ თემო ხადურმა ტყიბულის პოლიციის უფროსის მოადგილის ლაშა ლაბუჩიძის მანქანა დააზიანა, ამ დროს ადგილზე თერჯოლის პოლიციის უფროსის მოადგილე კახაბერ ნებიერიძე მივიდა. ამ წუთიდან სტიქაროსნის კვალი იკარგება. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ პოლიციამ თემო ხადურის დევნას ოპერაცია დაიწყო და მოხდა ჰაერში გასროლაც.
