სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის თქმით, მისმა აპარატმა შეისწავლა პატიმარ გიორგი დავითაძის საქმე, რომელიც ამბობს, რომ ბარდაგებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს და გააუპატიურეს. იოსელიანის განცხადებით, მათ პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის “მტკიცებულება ვერ ნახეს”.
“ჩვენ ეს საკითხი დეტალურად შევისწავლეთ. მათ შორის, დაარქივებული მასალებიც მოვითხოვეთ და ვიდეოჩანაწერები ვნახეთ […] არასათანადო მოპყრობის ან ფიზიკური ძალადობის რაიმე ტიპის ამსახველი მტკიცებულება ჩვენ ვერ ვნახეთ.
პატიმარი მის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც უთითებდა, რასთან დაკავშირებითაც პროკურატურას მივმართეთ და გამოძიება დაიწყო”. – თქვა იოსელიანმა.
რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე თქვა, რომ ის ბადრაგებმა დეესკალაციის ოთახში გააუპატიურეს.
პატიმრის განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა. უწყება წერს, რომ გიორგი დავითაძის განცხადება სიცრუეა. მათ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებიც გაავრცელეს.
შეგახსენებთ, დავითაძეების ოჯახი ბადრაგებს პატიმრის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში აქამდეც ადანაშაულებდა.
