“ლელო – ძლიერი საქართველოს” წევრის, ლევან სამუშიას შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოქვეყნებული წერილი ხელისუფლების შიგნით არსებულ დაპირისპირებასა და შესაძლო უკანონო გარიგებებზე მიუთითებს. მისი თქმით, ყოფილი პრემიერი თავად საუბრობს „კულისებს მიღმა“ სასჯელთან დაკავშირებულ შეთანხმებებზე, რაც, სამუშიას შეფასებით, ხელისუფლებაში არსებულ „კრიმინალურ-დანაშაულებრივ მენტალობაზე“ მეტყველებს.
ახლა არის ერთმანეთთან დაპირისპირებული კლანური დაჯგუფებები, რომელიც ერთმანეთში საუბრობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ძარცვავდნენ წლების განმავლობაში, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, სუსის ხელმძღვანელი და ა.შ., ხოლო მეორე მხრივ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი საუბრობს იმ უკანონობებზე, რა უკანონობებზეც არის საუბარი და თვითონ ღარიბაშვილი საუბრობს, რომ კულისებს მიღმა ხდებოდა გარიგებები სასჯელზე, ხდებოდა გარიგებები თუ ვინ რამდენს და როგორ მოიხდიდა, რაც პირდაპირ მიუთითებს კრიმინალურ-დანაშაულებრივ მენტალობაზე ხელისუფლების, – ამბობს ლევან სამუშია.
პატიმრობაში მყოფმა ექს-პრემიერმა, გუშინ ციხიდან სკანდალურ წერილი გამოაქვეყნა, სადაც მმართველ გუნდს აკრიტიკებს და “ოცნებას” ქვეყნის „უწყვეტ ქაოსსა და დაუსრულებელ კრიზისში“ შეყვანაში ადანაშაულებს.
„თქვენ უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ…“ – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მისი პოლიტიკურად განეიტრალების პროცესში ის სამჯერ „გადააგდეს“.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც წაყენებული ბრალი აღიარა, საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე რამდენიმე დღით ადრე, 4 იანვარს აცნობეს, რომ „პირობები შეიცვალა და 5 წლით უნდა წავსულიყავი ციხეში“.
ღარიბაშვილი არ ახსენებს კონკრეტულ სახელებსა და გვარებს – ვისთან თანხმდებოდა ის სამართლებრივი დეტალები, რომელიც პროკურატურის განსახილველი და სასამართლოს დასამტკიცებელია.
