დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომ დადასტურებულია ნოროვირუსი. თუმცა მისი პირველწყაროს შესახებ უწყება არაფერს წერს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით კი, შემოწმებულია 70 ობიექტი, მათ შორის ქალაქ თბილისის 48 საჯარო ბაგა-ბაღი, ხორცის საწარმო და რძის პროდუქტების საწყობი. 39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა.
“ამას, რა თქმა უნდა, არ სჭირდებოდა არანაირი პანიკა, არც რაღაც პოლიტიკურ დებატებში შესვლა, პოლემიკაში შესვლა, იმ ცილისწამებაზე პასუხის გაცემა, არამედ სჭირდებოდა თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა და ყველა შესაბამისი უწყების კოორდინირებული მუშაობა, კონკრეტული პრობლემების მიზეზის დადგენა.
ჩვენ იმავე დღეს, ბაგა-ბაღებში დავიწყეთ სპეციალისტების მიერ დადგენილი პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი საპრევენციო ზომების მიღება, ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციით გატარდა ყველა საჭირო ზომა, რაღა აღსაზრდელთა და პერსონალის უსაფრთხოება ყოფილიყო მაქსიმალურად დაცული და მოგვეხდინა რისკების პრევენცია.
დღეს უკვე ლაბორატორიების, ორგანიზაციების ჩართულობით და კვლევების შედეგად, სახეზე გვაქვს სპეციალისტების მიერ გამოვლენილი ნოროვირუსი, რაც მთავარია, დღეს პატარების ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, შესაბამისად უახლოეს დღეებში დროებით დახურული შვიდივე ბაღი დაიწყებს მუშაობას.
მოვისმინეთ ბევრი სიბინძურე, ბევრი ტყუილი. გუშინაც ერთი კონკრეტული პიროვნება, ჩვეულებრივი თაღლითი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ერთ-ერთ ტელევიზიაში ავრცელებდა დეზინფორმაციას, სიცრუეს, რომ თითქოს ბაღებში ბავშვები მოიწამლნენ ქათმის ხორცით და ქათამი რომელიც ბაღებში შედის არის გაფუჭებული. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი არ დაუჯეროთ თაღლითებს მეგობრებო. ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალეები ვართ და ვამბობთ სიმართლეს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით…იმ დღეს მენიუში ქათმის ხორცი საერთოდ არ ყოფილა. ასეთ ფაქტებს სამართლებრივად ბაღების სააგენტო ყველა ცილისწამებაზე მოახდენს რეაგირებას და ყველა ცილისმწამებელს მოუწევს პასუხის გაცემა ” | თქვა კალაძემ თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე საბავშვო ბაღებში ბავშვების მასობრივ ინტოქსიკაციაზე.
