გორის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში: მერეთში, სათემოში, ზეღდულეთსა და სვენეთში საბავშვო ბაღების ადმინისტრაციებს აცნობეს, რომ არსებული შენობები ავარიულია და მათ ნაცვლად ახლები უნდა აშენდეს – ინფორმაციას “ქართლის ამბები” ავრცელებს.
ოთხივე სოფელში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის 11 მილიონი ლარია გათვალისწინებული. სატენდერო წინადადებების მიღება 16 სექტემბერს დაიწყო. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 15 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.
ამ ეტაპზე, მერეთის, სათემოსა და ზეღდულეთის საბავშვო ბაღებში აღმზრდელობითი პროცესი კვლავ მიმდინარეობს. სვენეთის ბაღი კი ავარიული მდგომარეობის გამო დიდი ხანია დაკეტილია.
სათემო:
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ სათემოს საბავშვო ბაღის დირექტორის თქმით, დაწესებულებაში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. სწავლის დაწყების წინ მერიას ოფიციალურად მადლობა გადაუხადეს, რომ შენობაში დიზაინი გაალამაზეს. რა ბედი ელის არსებულ შენობას, ადმინისტრაციას ჯერ არ აქვს ინფორმაცია.
„ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ მუშაობას, მიმდინარეობს აღმზრდელობითი პროცესი. არ ვიცით, ახალი აშენდება თუ აქედან გადაგვიყვანენ და დაანგრევენ. ამ შენობას რაც შეეხება, ამ ეტაპზე საშიში არაა, თორემ აქ ვიქნებოდით. უბრალოდ, აკრედიტაციის გავლაში შეგვიშლის ხელს“, – უთხრა გამოცემას სათემოს საბავშვო ბაღის დირექტორმა.
ზეღდულეთი:
ზეღდულეთის საბავშვო ბაღის დირექტორი მაია ჩხიკვაძე ამბობს, რომ არც მათთვის არის ცნობილი, მოხდება თუ არა არსებული შენობის დემონტაჟი და სად აშენდება ახალი ბაღი.
✔„სააგენტომ იცის ყველაფერი. ისინი არიან კომპეტენტურები და პროფესიონალები. მათ დაუკავშირდით. მათ აქვთ დასკვნა, ჩვენ არ ვიცით, ამ შენობას დაანგრევენ თუ ახალს ააშენებენ“, – აღნიშნა “ქართლის ამბებთან” მაია ჩხიკვაძემ. მათ კითხვაზე, რომ შენობის მდგრადობის შესახებ დასკვნა პირველ რიგში მათ უნდა ჰქონდეს, პასუხის ნაცვლად ტელეფონი გაუთიშა.
მერეთი:
მერეთის საბავშვო ბაღის დირექტორის, ლელა კაპანაძის თქმით, ახალი შენობის მშენებლობის დაწყების შემთხვევაში, დაწესებულებას მუშაობის გაგრძელების პრობლემა არ შეექმნება. მისი განმარტებით, ბაღი წლების განმავლობაში მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ფუნქციონირებს და თანამშრომლები იქ არსებულ პირობებს უკვე შეჩვეულები არიან.
სვენეთი:
რაც შეეხება სვენეთის საბავშვო ბაღს, ის ავარიული მდგომარეობის გამო დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს.
