კულანინის ადვოკატები არ ასახელებენ ქვეყანას, სადაც აქტივისტი გადავიდა. ინტერესების დამცველები ამას აქტივისტის უსაფრთხოებით ხსნიან.
კულანინის ადვოკატი ციალა რატიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს და განმარტავს, რატომ მიიჩნევდა დაცვა, რომ აქტივისტის საქართველოდან გაძევების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება, ზოგადად. რა თქმა უნდა, მე როდესაც დასაბუთება გავაკეთე ჩვენი პოზიციის გაძევებასთან დაკავშირებით, მივუთითე, რომ გაძევების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტმა მას გამოუცხადა ნდობა, როდესაც შეწყალების აქტი გამოსცა. შესაბამისად, იგი მიიჩნევდა, რომ მისი ქვეყანაში ყოფნა იყო უსაფრთხო. სამწუხაროდ, ეს გარემოება სასამართლომ არ გაითვალისწინა, სამაგიეროდ გაითვალისწინა ის, რომ მას მისცა 7 დღიანი ვადა, რომ ნებაყოფლობით გამგზავრებულიყო მესამე ქვეყანაში და არა რუსეთში, სადაც მას არაადამიანური მოპყრობა, წამება და თავისუფლების უპირობო აღკვეთა ელოდებოდა, – ამბობს ადვოკატი.
დაცვის მხარის განმარტებით, კულანინს საქართველოს დატოვება არ სურდა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მესამე ქვეყანაში გამგზავრებას დათანხმდა.
რა თქმა უნდა, მას დიდი სურვილი ჰქონდა, რომ საქართველოში დარჩენილიყო. სასამართლო სხდომაზე, როდესაც იხილებოდა მისი მიგრაციის ცენტრში განთავსება, მან განაცხადა, რომ დიდი სურვილი ჰქონდა, საქართველოში დარჩენილიყო, მაგრამ რადგან მას არ ეძლევა აღნიშნულის საშუალება, თავს ზევით ძალა არ არის და ის აცხადებდა თანხმობას, რომ დაეტოვებინა საქართველო და წასულიყო მესამე ქვეყანაში, – ამბობს ინტერესების დამცველი დიმიტრი ნოზაძე.
დენის კულანინმა საქართველო დატოვა. ის ცოტა ხნის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრინდა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებდნენ. სამოქალაქო აქტივისტს სასამართლომ კულანინს საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა.
