23 ივლისს თბილისში, კლუბ „ანდერვილში“ გამართულ ქორწილზე საზოგადოება ახლაც საუბრობს. ტელეწამყვან ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ბედნიერება ოჯახისა და ახლობლების გარდა, ბევრმა ცნობილმა სახემ გაიზიარა. ქორწილიდან გავრცელებულმა კადრებმა სოციალური ქსელები სრულიად მოიცვა და რჩება განცდა, რომ ყველა ვიყავით ამ ბედნიერების თანაზიარი.
გრანდიოზული ქორწილის შემდეგ დაგროვილ ემოციებსა და განცდებს ირაკლი მაქაცარიას მეჯვარე, მსახიობი გიორგი გილიგაშვილი „პრაიმტაიმს“ უზიარებს.
„მიჯნურობა არის სიტყვა და გამიჯნურებულ ადამიანს არაფერი აღარ მოეკითხება. ანგელოზებმა ეს ორი მშვენიერი ადამიანი სიყვარულით იმდენად აიტაცეს ფრთაშესხმული ზეცაში, რომ სხვა გზა არ დაუტოვეს არავის – ბრმათა თვალები აეხილათ, ყრუთა სმენა მიეცათ, შეუძლებელია მათი სიყვარულის არ დანახვა, არ გაგონება მათი საყვარელი, ტკბილი ხმის, რომლებიც ერთმანეთს უმღერდნენ და უგალობდნენ, უფალი მათ მამზირალს კიდევ საოცარ საჩუქარს გვიძღვნის, როდესაც ამის ხილვის საშუალებას გვაძლევს, ეს იყო სიყვარულის ზეიმი.
ადამის მოდგმა ხომ ადამი და ევადან დაიწყო, პირველი სასწაულიც უფალმა სანამ საუფლო ასაკს მიაღწევდა და 30 წლის შემდეგ დაიწყებდა ქადაგებას, მანამდე, 12 წლის ასაკში, კანას გალილეაში წყალი ღვინოდ გადააქცია – პირველი სასწაული უფლისგან ქორწილში აღესრულა და იკურთხა ქორწილში. ფაქტია, ჩემს ძმასაც (ირაკლი მაქაცარია) ქორის წილი ერგო, მშვენიერი ასული, ლიზა ჩიჩუა, ულამაზესი პრინცესა მას ერგო და ნამდვილად დამსახურებულად მიაგნეს ერთმანეთს ამ ქაოსურ, ჭრელ ცხოვრებაში, რომელიც ძალიან ბევრი ჭრაჭუნა ქალაღლით და ფერადოვნებითაა შეფერილი. ძალიან რთულია ადამიანს თვალი არ აგებნას, მაგრამ სულმა სული იცნო და მათ ერთმანეთი ოპოვეს – მარადიულად მისცეს ერთმანეთს თავიანთი თავი.
ყველა არა ბახუსით, არამედ მათი სიყვარულით მთვრალნი ვიყავით. უცნობი თუ ნაცნობი, ქართველები თუ უცხოელები, წყვილს რომ ხედავდნენ, ჩერდებოდნენ, ლოცავდნენ, ბედნიერებისგან, გაოცებისგან სახე უნათდებოდათ მათაც. ტაძრად მიმავალ გზაზე ძალიან ბევრი უცხო ხალხი შევნიშნეთ, იყვნენ ტურისტებიც, მსგავსი წყვილი არ გვინახავს, ვინ არიანო. ნამდვილი ადამიანები არიანო, გვეკითებოდნენ.
– გიორგი, თქვენ იყავით ქორწილის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, ირაკლის მეჯვარე…
– ადამიანი მსახურებით ცხონდება. მე მეჯვარე ვიქნებოდი თუ არა, ჩემი ძმის, მაინც იმას გავაკეთებდი ისეთი სიყვარულით, როგორიც გავაკეთე. რამდენიმე ხნით ადრე მითხრეს, ძალიან დიდი სიყვარულით, როგორ გავკადნირდებოდი და ვიკადრებდი მათ სიყვარულს უარს. ჩემთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სიყვარულთა შორის ჩემს მეგობრებში, ვინც ასე ციხე-ტაძრად მარტყამს გარშემო და მეც არ მაძლევენ სხვაგვარ მოქცევის, ცხოვრების, სიყვარულის საშუალებას. ერთი ათად ჩემში აცოცხლებენ ამ საუფლო გრძნობის მადლსა და მიბიძგებენ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგა, როდესაც შევეყრები ჩემს მეორე ნახევარს. მე ვიყავი ძალიან ბედნიერი, ღვთის წყალობით გამოცდილება მქონდა არაერთი ჩემი ძმების მეჯვარეობისა, კიდევ ამ ასაკში ჩემი განსაცდელებ გამოვლილი სხვა განცდით ვიყავ დამძიმებული და გამტკიცებული, კიდევ სხვა სიმსუბუქით ვიყავ ფრთგაშლილი ამ ქორწილში.
წყარო: “პრაიმტაიმი”