“ჩემი პროფესია პოლიტიკის მეცნიერებაა – იდეებზე, ფილოსოფიურ საკითხებზე ვმუშაობ. სრულიად დაშორებულია ამ საქმიანობას, მაგრამ კულინარიაც მინდა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ნაწილი იყოს, რადგან ძალიან მომწონს, ჩემი ჰობია… დღეს ძალიან ბევრი კერძია ისეთი, რომლებსაც “გუგლის“ საძიებო ველში ქართულად თუ ჩაწერთ, მხოლოდ ჩემი ვიდეოები მოიძებნება და ეს ძალიან მახარებს”, – ამბობს ირაკლი იაგორაშვილი, რომელიც თავად გვიამბობს, როგორ შეძლო მსოფლიო სამზარეულოს გაცნობოდა.
ირაკლი იაგორაშვილი:
– ყველა ქვეყნის სამზარეულოს თავისი ისტორია აქვს: ჩემი აზრით, სამზარეულო ერთ-ერთი უმთავრესია, რომ ქვეყანა კარგად გაიცნო. მიხვდები, როგორი პოლიტიკური მდგომარეობა და ისტორიაა, რა ტიპის ხალხი ცხოვრობს. ქართული სამზარეულო იგივეა, სამხრეთ ევროპა რომ ჩრდილოეთ ევროპას შევადაროთ. სამხრეთ ევროპა ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონია და, ბუნებრივადაც, ბევრი პროდუქტია; ასევე ყოველთვის ვაჭრობის ერთ-ერთი ეპიცენტრი იყო და ძალიან ბევრ ინგრედიენტზე ჰქონდათ წვდომა.
იმ ჩაკეტილ ქვეყნებში, რომლებიც ჩრდილოეთით არიან, სამზარეულოც მწირია.
ჩვენთანაც ძალიან დიდი მრავალფეროვნებაა, რაც ადგილმდებარეობის შედეგად არის გამოწვეული. გარკვეული იმპერიების გასაყარზე ვიყავით, დერეფნის ფუნქცია გვქონდა, დღესაც გვაქვს, ვაჭრობა აყვავებული იყო და ეს ყველაფერი კულინარიაზე აისახა.
– როდიდან გაქვთ ინტერესი განსხვავებული სამზარეულოს მიმართ?
– ეს ინტერესი ბავშვობიდან მომყვება. ინგლისური წიგნი მქონდა, სადაც კარტოფილის ნამცხვარზე ეწერა. ჩვენს სახლში ძირითადად კერძებს დიდი ბებია ამზადებდა, რომელიც სოხუმელი გახლდათ, ძალიან კარგი კულინარი. მას ვთხოვე, ეს ნამცხვარი მოემზადებინა, რადგან ვიცოდი, უარს არ მეტყოდა. გატარებული კარტოფილი ცომში შერეული დიდად კარგი რამ არ გამოვიდა, მაგრამ წიგნი დღემდე მაქვს და მახსენებს განსხვავებული რეცეპტების მიმართ ინტერესს.
კიდევ ერთი ხაზი მაქვს, ის, რაც წარსულს მახსენებს: შოტლანდიაში ვსწავლობდი ერთი სემესტრი და იქ საუკეთესო მეგობრებთან ერთად ვცხოვრობდი. ახლა ოთხივე რომ ვიკრიბებით, იმ კერძებს ვამზადებთ, რაც იმ დროსთან ასოცირდება. მაგალითად, შარშან შოტლანდიური საღამო მოვაწყვეთ და ჰაგისი მოვამზადეთ, სოციალურ ქსელში ამ საღამოს ამსახველი ვიდეოც დავდეთ.
– ვიდეოში ახსენებთ, რომ ეს კერძი ევროკავშირში აკრძალულია…
– დიახ, რადგან კერძი ცხვრის ფილტვს შეიცავს, შეიძლება საშიში ინგრედიენტი იყოს, ცხოველს თუ რაიმე დაავადება აქვს. ზოგადად, ევროკავშირს კვების ძალიან ბევრი რეგულაცია აქვს და შეიძლება ზოგი აკრძალვა გადამეტებულიც იყოს. შოტლანდიაში ეს კერძი ხელმისაწვდომია, ასევე ამერიკაშიც, მაგრამ იქ ოდნავ განსხვავებულად ამზადებენ. ჰაგისი ღუმელში უნდა მოამზადო, ჯერ მოხარშული თალგამის ფენაა, შემდეგ კარტოფილის პიურეა, შემდეგ ჰაგისი და ზემოდან მოსხმულია ვისკის სოუსი. განაგრძეთ კითხვა…
