ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო ბაღდათის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანსა და სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას.
რევაზ სოხაძემ სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და საჭირო სამუშაოების დროულად განხორციელების შესაბამისი დავალებები მისცა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, სტიქიის შედეგად რამდენიმე ათეული ოჯახი დაზარალდა.
„დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც და ჩვენი შესაბამისი სამსახურები ადგილზე აქტიურად მუშაობენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩართულია როგორც ცენტრალური გზების, ისე სხვა დაზიანებული მონაკვეთების გაწმენდაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებული ოჯახების დახმარება. რამდენიმე ოჯახი ადგილზე მოვინახულეთ. ეზოებსა და საცხოვრებელ სახლებში შეტანილია ნაშალი მასალა. მაქსიმალურად დავეხმარებით თითოეულ ოჯახს, რომ უმოკლეს ვადაში გაიწმინდოს მათი საცხოვრებელი გარემო, ტერიტორიიდან სრულად გავიტანოთ ნაშალი მასალა და გაიწმინდოს შესაბამისი არხები და კომუნიკაციები, რათა წყლის თავისუფლად გატარება იყოს შესაძლებელი. ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად არის მობილიზებული და დაზარალებულ ოჯახებს საჭიროების შესაბამისად დაეხმარება“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის თქმით, სტიქიამ დააზიანა ქალაქ ბაღდათში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის ფარგლებში შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების ნაწილი. კონტრაქტორ კომპანიასთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განისაზღვრა პირველ ეტაპზე განსახორციელებელი ღონისძიებები — დროებით მოწესრიგდება დაზიანებული გზის მონაკვეთები, რათა უზრუნველყოფილი იყოს შეუფერხებელი გადაადგილება, რის შემდეგაც დაიწყება სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში გუშინ და დღეს უწყვეტად მუშაობს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ მობილიზებული რამდენიმე ათეული მძიმე და სპეციალური ტექნიკა. შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, სამუშაოებში ჩართული არიან კონტრაქტორი კომპანიების ტექნიკური ჯგუფებიც. მიმდინარეობს გზებისა და ქუჩების გაწმენდა, დაზიანებული ტერიტორიების მოწესრიგება და შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები.
მათივე ცნობით, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მობილიზებული ტექნიკისა და შესაბამისი სამსახურების მუშაობა დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ უხვი ნალექის შედეგად ბაღდათის მუნიციპალიტეტში დაიტბორა გზები, სახლების ეზოები და სახნავ-სათესი სავარგულები.
