ანტიპუტინისტური პანკ-ჯგუფ Pussy Riot-ის ყოფილმა წევრმა, რიტა ფლორესმა რუსეთიდან გაქცევის შემდეგ გამოცემა Port-თან ინტერვიუში აღიარა, რომ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა [ФСБ] შანტაჟითა და მუქარით გადაიბირა და წლების განმავლობაში ინფორმატორად ამუშავებდა. ფლორესის თქმით, ეს ყველაფერი 2023 წელს, მისი ბინის ჩხრეკის შემდეგ ოჯახის წევრების მკვლელობითა და პატიმრობის მუქარის ქვეშ მოხდა.
„ფილმს ჰგავდა – მაგიდასთან დამსვეს, ვერ ვმოძრაობდი. დაიწყეს ჩემი გადაბირება: ყველანაირად მემუქრებოდნენ, დამცინოდნენ, უსიამოვნო რაღაცებს მეუბნებოდნენ, ოჯახის წევრების მოკვლით მემუქრებოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ვერასდროს დავამტკიცებდი, ვინ მოკლა დედაჩემი. დაიწყეს პირადი თავდასხმები, ამბობდნენ, რა საზიზღარი და საშინელი ვიყავი, რომ მთელ რუსეთში ყველაზე დიდ სატანად გამომაჩენდნენ“, – თქვა ფლორესმა.
როგორც ის ყვება, მიანიჭეს ოპერატიული ფსევდონიმი „ჰარლი“ და დაავალეს რუსი არტისტებისა და პოლიტიკური აქტივისტების დეტალური პროფილების შექმნა, რაშიც ყოველთვიურად 50 000 რუბლს უხდიდნენ. რიტა ფლორესის მტკიცებით, ФСБ-ს დავალებებს განზრახ აფერხებდა, რათა ნაცნობები საფრთხისგან დაეცვა.
მისივე თქმით, გარდამტეხი მომენტი 2025 წლის ზაფხულში დადგა, როდესაც ФСБ-მ მას Pussy Riot-ის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და მისი ყოფილი პარტნიორის, პიოტრ ვერზილოვის მკვლელობის ორგანიზებაში დახმარება მოსთხოვა. გეგმის მიხედვით, მას ვერზილოვი სერბეთში, ერთ-ერთ კაფეში უნდა შეეტყუებინა, სადაც მას რუსი აგენტები მოკლავდნენ, სანაცვლოდ კი 3 მილიონ რუბლს დაპირდნენ. ფლორესის თქმით, ამ დავალების შესრულებაც დროში გააჭიანურა და უფლებადამცველების დახმარებით რუსეთის დატოვება შეძლო.
“არსებობს ეჭვები, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ასევე არიან დაქირავებულნი. და მე მსურს მათ დავეხმარო. მე ვარ ცოცხალი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება უბრალოდ სწორი ადამიანების ინფორმირება და ისინი აუცილებლად დაგეხმარებიან” – ამბობს რიტა ფლორესი ინტერვიუში.
![ანტიპუტინისტური პანკ-ჯგუფ Pussy Riot-ის ყოფილმა წევრმა აღიარა, რომ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა [ФСБ] შანტაჟითა და მუქარით გადაიბირა](https://mix.metronome.ge/wp-content/uploads/2026/08/BeFunky-collage-5-1140x1202.jpg)