საბაჟო გამშვებ პუნქტებზე „წითელი ხიდი“ და „სადახლო-საავტომობილო“ უცხო ქვეყნებიდან შემოსული – 24 300 კილოგრამი ხახვით და 36 407 კილოგრამი ატმით დატვირთული 3 ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს – ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, სასაზღვრო – საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ატმისა და ხახვის დიდ ნაწილს ფიტოსანიტარიულ და სასურსათო მოთხოვნებთან შეუსაბამო დაზიანებები აღენიშნებოდა.
მათივე თქმით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.
