ვალეში ნაცემი მეჩეთის იმამი მომხდარის დეტალებზე საუბრობს – ამის შესახებ ინფორმაციას “TV პირველი” ავრცელებს. შევქეთ დვალიძის თქმით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მისმა შვილმა და თურქეთიდან ჩამოსულმა ძმისშვილმა ახალგაზრდების ჯგუფს უარი უთხრეს ალკოჰოლის მიღებაზე. მისი განცხადებით, რამდენიმე წუთში ახალგაზრდები მათ სახლთან მივიდნენ, ეზოში შეიჭრნენ და ოჯახის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დვალიძე ასევე ამბობს, რომ პოლიციამ თავდამსხმელებიდან მხოლოდ ორი დააკავა, მის ნათესავს კი განცხადების უკან გატანა აიძულეს.
დაემუქრნენ, რომ თუ განცხადებას არ წაიღებდა, სკოლაში თავისუფლად ვერ ივლიდა და ისევ დაესხმოდნენ თავს, – ამბობს დვალიძე სატელეფონო ინტერვიუში.
სახლში ვასხდით და ჩაის ვსვამდით — მე, მამაჩემი და ჩემი ძმა, რომელიც ახლახან ჩამოვიდა თურქეთიდან თავისი ოჯახით. საღამოს 10 საათი იქნებოდა. ჩემი შვილი და ჩემი ძმისშვილი გარეთ გავიდნენ სასეირნოდ. გზაზე, დაახლოებით 10-15 ახალგაზრდა იჯდა და ლუდს სვამდა. ჩემებს ლუდი შესთავაზეს, მაგრამ ჩემმა შვილმა უთხრა: „ჩვენ მუსლიმები ვართ და არ ვსვამთო“. ამ დროს თურქეთიდან ჩამოსულმა ჩემმა ძმისშვილმა, რადგან ქართული არ იცის, ჰკითხა ჩემს შვილს, რას ამბობენო, და ჩემმა შვილმაც თურქულად დაუწყო თარგმნა. ამაზე იმ ჯგუფმა აგრესია გამოხატა- ამის შემდგომ ბავშვები სახლში წამოვიდნენ და ისინი უკან გამოედევნენ, ეზოში და სახლში შემოგვივარდნენ. ჩვენც წამოვდექით, წინ დავუდექი და ვკითხე, ვინ ხართ, რა გინდათ-მეთქი, მაგრამ პირდაპირ გინება დაიწყეს. ერთ-ერთმა დარტყმა მომაყენა და ატყდა დიდი ჩხუბი. სულ 15-მდე კაცი იყო მოსული. ჩემზე მინიმუმ 8 კაცი მოდიოდა, 3-4 კაცი კი თურქეთიდან ჩამოსულ ჩემს ნათესავს სცემდა.
შემდეგ პოლიციამ თავდამსხმელებიდან მხოლოდ 2 კაცი დააკავა. მეტიც, პოლიციელებმა აიძულეს ჩემი ნათესავი (გოგო), რომ განცხადება უკან წაეღო. დაემუქრნენ, რომ თუ განცხადებას არ წაიღებდა, სკოლაში თავისუფლად ვერ ივლიდა და ისევ დაესხმოდნენ თავს, – ამბობს შევქეთ დვალიძე.
