პროკურორ ანა არონიას განცხადებით, ყოფილი პოლიციელის, დავით ჭითანავასთვის გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
როგორც მან განაცხადა, წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ამ ეტაპზე, ბრალდება მხოლოდ ერთ პირს აქვს წარდგენილი.
„სასამართლომ ჩათვალა, რომ, ამ ეტაპზე, პატიმრობის გამოყენება არ იყო აუცილებელი და მას შეეფარდა გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით. მიღებულ გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე გაასაჩივრებს კანონით დადგენილ ვადაში. სახელებთან და გვარებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ. გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია, ამ ეტაპზე არ იკვეთება კონკრეტული ფაქტები, თუმცა ველოდებით სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად მიღებულ ინფორმაციას.
ამ ეტაპზე, რაც იყო მტკიცებულებები წარმოდგენილი, მის საფუძველზე ერთ ბრალდებულს აქვს ბრალდება წარდგენილი. რა შეიძლება გამოიკვეთოს ამასთან დაკავშირებით ველოდებით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად მიღებულ ინფორმაციას და ამ ინფორმაციიდან გამომდინარე შესაბამისი გადაწყვეტილება მტკიცებულებების საფუძველზე იქნება მიღებული. მისი დაკავება მოხდა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე,“- განაცხადა ანა არონიამ.
ცნობისთვის, ყოფილ პოლიციელს, დავით ჭითანავას, რომელიც, არსებული ინფორმაციით, ქალებს ესთეტიკის ცენტრში ჩატარებული კონკრეტული პროცედურის დროს გადაღებული ფოტოებით აშანტაჟებდა, 60 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. როგორც ცალკეული მედიასაშუალება იუწყება, გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. მათივე ცნობით, ყოფილი პოლიციელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა თავად პროკურატურამ დააყენა.
რაც შეეხება უშუალოდ სავარაუდო დანაშაულს, მედიის ინფორმაციით, სამეგრელოში მდებარე ერთ-ერთ ესთეტიკის ცენტრში, ლაზეროთერაპევტი მომხმარებელ ქალებს ფოტოებს ფარულად უღებდა, რასაც ის დავით ჭითანავას უგზავნიდა. როგორც მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, შემდგომში, აღნიშნული ფოტოებით ჭითანავა ქალებს აშანტაჟებდა.
აღნიშნული ფოტოებით ჭითანავა ქალებს აშანტაჟებდა.
პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა, აპლიკაცია „ვოთსაპის“ გამოყენებით მოიპოვა და უკანონოდ შეინახა სამი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო მასალა, ხოლო ერთ-ერთი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო მასალა „მესენჯერის“ საშუალებით გადაუგზავნა სხვა პირს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული სისტემატურად უკანონოდ უთვალთვალებდა დაზარალებულს, გადაადგილდებოდა მის საცხოვრებელ სახლთან და მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა, რის შედეგად, დაზარალებულმა ფსიქიკური ტანჯვა განიცადა და იძულებული გახდა, მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი.
ყოფილ პოლიციელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვა და გავრცელება) და 151 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ადევნება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“ტვ პირველის” ცნობით, შემთხვევა 2025 წლის აპრილში მოხდა და გამოძიებაც ამ დროიდან მიმდინარეობდა, თუმცა დავით ჭითანავა მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, რაც მან 26 ივლისს საქართველოს დატოვება სცადა.
