მოსკოვის ოლქის დრამატული თეატრის ყოფილმა მსახიობმა, 26 წლის ალექსეი იარმუშჩიკმა, სოციალურ ქსელში სკანდალური ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართავს. მსახიობის თქმით, ის ყოველ დღე და ყოველ ღამე გონებაში “დიალოგს მართავდა“ რუსეთის პრეზიდენტთან, ვიდრე ბოლოს და ბოლოს გაბედავდა და საჯაროდ იტყოდა იმას, რასაც ფიქრობს.
“მე არ მინდა, რომ ჩემი პრეზიდენტი იყოთ. არ ვიცნობ არცერთ ჩემს თანატოლს, ვისაც თქვენი არ ეშინია და ვისაც სურს, რომ პრეზიდენტი იყოთ“, – აცხადებს იარმუშჩიკი ვიდეოში.
მსახიობმა აღნიშნა, რომ მის გარშემო მყოფი შემოქმედებითი ადამიანებიდან პუტინს მხარს მხოლოდ მომღერალი “შამანი” უჭერს. მან ხელისუფლებას მთავრობის დათხოვნისკენ მოუწოდა და დასძინა: “არ მინდა თქვენი ტელევიზორის ყურება, არ მინდა ВКонтакте-თ სარგებლობა. მე Instagram-ი მინდა!“
მოგვიანებით იარმუშჩიკმა განმარტა, რომ აქამდე პრეზიდენტზე ლაპარაკს შიშისა და თვითცენზურის გამო ერიდებოდა – სამეგობროში გვარ “პუტინის“ ხსენებაზეც კი ყველა გაჩუმებისკენ მოუწოდებდა. “ჩემს თავში იყო განცდა, რომ პუტინზე საერთოდ არაფრის თქმა არ შეიძლებოდა, რომ ეს საშიში იყო“. თუმცა, ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა, რომ მხოლოდ ერთ რამეს ნანობს – რატომ არ გააკეთა ეს უფრო ადრე.
მედია “Осторожно, новости“-სთან საუბრისას ალექსეიმ განაცხადა: “ვიდეოში ჩემი იმ მომენტის პოზიცია გამოვხატე. წინასწარ არ მოვმზადებულვარ, ვთქვი ის, რაც შიგნიდან მოდიოდა. მთავრობისთვისაც ხომ მნიშვნელოვანია უკუკავშირი?! ჩემი თანატოლები ყველანი შიშში არიან. მე ერთადერთი ვარ, ვინც პუტინის გვარს ხმამაღლა ამბობს. ჰოდა, ახლა ამ შიშებთან გამკლავებას ვცდილობ.“
როგორც ირკვევა, პროტესტის ერთ-ერთი მთავარი კატალიზატორი ახალი მასშტაბური მობილიზაციის შიში და საზღვრების შესაძლო ჩაკეტვა გახდა: “ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა ადამიანისთვის, ეს შფოთვის ყველაზე ძლიერი წყაროა – რომ საზღვრებს ჩაკეტავენ და ვეღარ გავალ“.
“ფეხები მიკანკალებდა“: ოჯახის რეაქცია
ვიდეოს ჩაწერის ღამეს მსახიობს შიშისგან არ დაუძინია. “დილას ქვემოთ ჩავედი, დედაჩემმა რაღაც თქვა და მივხვდი, რომ ვიდეო უკვე ნახა. იმ მომენტში ფეხები მიკანკალებდა. ვფიქრობდი, ვაითუ 3 ათასი ნახვა აქვს და ჩუმად ციხეში ჩამსვამენ-მეთქი. დედამ კომენტარები წამიკითხა – ძირითადი საყვედური ის იყო, რომ მსახიობი ვარ, პოლიტიკაში არ უნდა ჩავერიო და არ ვარ იმ ასაკში, პუტინს რჩევები ვაძლიო.“
პოზიციის მკვეთრი ცვლილება რამდენიმე საათში
თუმცა, მამაცური განცხადებები დიდხანს არ გაგრძელებულა. პირველი ვიდეოს გამოქვეყნებიდან სულ რამდენიმე საათში იარმუშჩიკმა ახალი რგოლი ჩაწერა, სადაც საკუთარი პოზიცია რადიკალურად შეცვალა. ამასთან, მან სიხარული ვერ დამალა იმის გამო, რომ სკანდალური მიმართვის შემდეგ გამომწერების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა:
“მე უბრალოდ გაღმერთებთ! უკვე მთავრობაც მიყვარს და ვლადიმერ ვლადიმერის ძესაც პატივს ვცემ – მართლაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც მას ასე უჭერენ მხარს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მას “უბრალოდ საუბარი სჭირდებოდა“.
მსახიობის ასეთმა სწრაფმა გარდასახვამ სოციალურ ქსელებში ირონიის ტალღა გამოიწვია:
“რა სწრაფად შეიცვალე პოზიცია“, “ასეთი რა მოხდა, რომ უცებ შეგიყვარდა შენი ხელისუფლება და პუტინი?“, “ალბათ პირადად ვლადიმერ ვლადიმერის ძემ დაურეკა“ – წერდნენ კომენტარებში გაოცებული მომხმარებლები.
ვინ არის ალექსეი იარმუშჩიკი?
2023 წელს კონსტანტინე რაიკინის სცენური ხელოვნების უმაღლესი სკოლის დასრულების შემდეგ, ალექსეი სერგეი ბეზრუკოვის ხელმძღვანელობით მოქმედ მოსკოვის თეატრში მუშაობდა. თუმცა, 2026 წლის ივნისში თეატრი დიდი სკანდალით დატოვა – მან საჯაროდ განაცხადა, რომ მსახიობებს მიზერულ ხელფასს (37 ათას რუბლს) უხდიდნენ, ეპყრობოდნენ როგორც “საკუთრებას“, რეგულარულად ლახავდნენ მათ ღირსებას და კვების პირობებიც კი გაუსაძლისი იყო.
