35 წლის შემდეგ პოლიციამ გამოძიება დაიწყო 90-იან წლებში სვანეთში 9 წლის ბავშვის სისტემატური გაუპატიურების შემთხვევაზე.
ნატა ვიბლიანი 7 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა – როგორც თავად ამბობს, სწორედ აქედან დაიწყო მისი ჯოჯოხეთი. 9 წლის ასაკიდან მრავალი წლის განმავლობაში ნატა ვიბლიანი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო.
ქალმა თავისი ამბავი პლატფორმა „ვეძებ“-ის დამფუძნებლის, თამუნა მუსერიძის პოდკასტში მოჰყვა.
ნატა იხსენებს, რომ მასზე სისტემატურად ძალადობდა რამდენიმე თანასოფლელი.
კერძოდ, მასზე სექსუალური ძალადობა კარის მეზობელმა მაშინ დაიწყო, როცა ის 9 წლის იყო, ხოლო მოძალადე – „დაახლოებით დედამისის და მამამისის ასაკის“. რამდენიმე წელიწადში მოზარდი დაორსულდა და 13-14 წლის ასაკში შვილიც გააჩინა.
ქალი ამბობს, რომ მოძალადე „სულ მუშტებსა და იარაღზე იყურებოდა“. მისივე თქმით, ის მას იარაღის მუქარით აუპატიურებდა.
„[დაორსულების შემდეგ] მე იარაღით შემაშინეს – უნდა მეთქვა, რომ ბავშვი იყო სხვისი – კონკრეტული ბიჭის. არ ვიცი, ის ბიჭი როგორ იყო შეშინებული. მე 14 წლისაც არ ვიყავი“, – ამბობს ნატა ვიბლიანი.
გაუპატიურების საქმეს (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი) იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი.
