ბრიტანეთის მოქალაქეს, მეთიუ როი დესმონდს, რომელსაც საქართველოში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანას ედავებოდნენ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ბრიტანეთის მოქალაქე დამნაშავედ სცნო და 100 000 ლარის ჯარიმა დააკისრა. ასევე, მას საქართველოდან გაძევება მიესაჯა და ქვეყანაში შემოსვლა 20 წლით აეკრძალა.
სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებული დესმონდი ამავე დარბაზში საიმიგრაციო სამსახურს ჩაბარდა.
ოფიციალური ინფორმაციით, მეთიუ როი დესმონდის ხელბარგში საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა 0,0224 გრამი ბუპრენორფინის (სუბოტექსი) შემცველი 112 ცალი აბი და 0,75 გრამი კოდეინის შემცველი 50 აბი ნარკოტიკული საშუალება, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერება 5,8484 გრამი პრეგაბალინის შემცველი 39 კაფსულა აღმოუჩინეს.
პროკურატურის განცხადებით, ბრიტანეთის მოქალაქეს დაკავებისას არ წარმოუდგენია არავითარი სამედიცინო ცნობა, რომ მას ექიმის მიერ ჰქონდა დანიშნული დიდი ოდენობით, სამი სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალება.
