პოეტი ტარიელ ხარხელაური გადაცემა „სიცრუის დეტექტორს“ ესტუმრა და თავისი შვილის მკვლელობა კიდევ ერთხელ გაიხსენა. პოეტმა აღნიშნა, რომ მკვლელს უკვე აპატია და აღარასდროს უნახავს:
“არ იყო იოლი. ეს მოხდა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ. პატრიარქმა გამოთქვა სურვილი, ორმოცის წინა დღეს შევხვედროდი. მან მთხოვა, მომეყოლა ჩემი შვილის შესახებ. როცა ვისაუბრე, მითხრა, რასაც შენ მესაუბრები, შენი შვილი ასეთი იყოო. საოცარი სიტყვა მითხრა… ახლა თქვენ გაცვალეთ მამაშვილობა, ის არის მამა, შენ ხარ შვილიო. ის წავიდა შენ მაგივრად, შენ უნდა შეასრულო შენი მისია, რაც ამ წუთისოფელში გავალიაო.
მე დედამიწის ზურგზე, მით უმეტეს, ჩემს ქვეყანაში, კაცის სიძულვილი არ შემიძლია. მიუხედავად ჩემი შვილის მკვლელობისა, არც მისი სიძულვილი შემიძლია. არასოდეს შევხვედრივარ, ალბათ, არც შემხვდება. 10 წელი ჰქონდა სასჯელი, მოიხადა.
ჩვენ, ხევსურებს, ასეთი წესი გვაქვს: თუ მკვლელი ციხეს იხდის, შენ შურისძიების უფლება არ გაქვს. ჩემთვის სისხლის დანახვა არის საშინელი.
ცხვარში ვიარე 12 წელი და ცხვარი არ დამიკლავს, არც ქათამი არ დამიკლავს. ერთადერთი ჩიტი, ტოროლა შემომაკვდა, დილით მივდიოდი მინდორში და ცვარს ვბერტყავდი. ისე გავიქნიე, დღესაც ის მაქვს სანანებლად, მე იმ ფრინველის ვალი მაქვს, იმის ცოდვა მაწევს” – განაცხადა ტარიელ ხარხელაურმა