პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, პარლამენტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებით სამართალდამცავი უწყებები უნდა დაინტერესდნენ. არსებული ინფორმაციით,პარლამენტში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.
დეპუტატი მომხდარს „ველურობას“ უწოდებს. მისი თქმით, პასუხისმგებლობა, მისი შეფასებით, არა მხოლოდ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე დეპუტატებს, არამედ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესაც ეკისრება.
„პოლიტიკური გამოსვლა მქონდა. მათ არ აქვთ იმის უნარი, რომ განსხვავებული აზრი მოისმინონ და სიმართლე მოისმინონ, რაც მთავარია. სიმართლე მათ აგიჟებთ და ამწარებთ. კარგად ვნახეთ რა რეაქცია მოჰყვა მათი მხრიდან. საკუთარი სკამების და ხელისუფლების შენარჩუნების გამო მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ და ფიზიკურად იძალადონ ადამიანებზე, თან პოლიტიკური თანამდებობის პირებზე. სამართალდამცველი უწყებები უნდა დაინტერესდნენ. ახლა გამოჩნდება რამდენად ადეკვატურები და სამართლიანები არიან.
კონკრეტულად ვსაუბრობდით იმაზე რამდენად პრინციპულია ეს ადამიანი, როდესაც ალიევს მასპინძლობდა ივანიშვილთან ერთად, სადაც გამოჩნდა ვინ იყო ეს ადამიანი. როგორც ჩანს ამ დროს დარბაზში დაიძაბა ვითარება. სასწრაფო გვყავს გამოძახებული. როგორც ჩანს გიგა ფარულავა არის ყველაზე მეტი მსხვერპლი. ის იყო დარბაზში და მასზე მოასწრეს ძალადობა“,- განაცხადა შარაშიძემ.
