რუსეთისთვის მიუღებელია დასავლეთის მიერ თავსმოხვეული „წესები“, რომელიც ნეოკოლონიურ ამბიციებს მალავს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც მისმა თანაშემწემ, იური უშაკოვმა პრიმაკოვის საერთაშორისო ფორუმზე წაიკითხა.
„როგორც ცნობილია, დასავლეთის ქვეყნები მხარს უჭერენ წესებზე დაფუძნებულ მშვიდობას. თუმცა, რთული არ არის იმის დანახვა, რომ ამ ლოზუნგის მიღმა იმალება ნეოკოლონიური ამბიციები, დამოუკიდებელი სახელმწიფოების სუვერენიტეტის მიმართ უპატივცემულობა, მათ შიდა საქმეებში ჩარევისა და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შეცვლის იძულების მცდელობები. რუსეთისთვის, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის, მსგავსი „წესები“ კატეგორიულად მიუღებელია“, – ნათქვამია პუტინის მიმართვაში.
პუტინის თქმით, რუსეთი „მსოფლიო წესრიგის ჭეშმარიტად დემოკრატიულ საფუძვლებს“ მხარს უჭერს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო სამართლის სავალდებულო ნორმებს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებას, ქვეყნებს შორის ურთიერთპატივისცემასა და თანასწორობას, ასევე ქვეყნების მიერ საკუთარი განვითარების გზების თავისუფალ არჩევანს“, – აღნიშნულია რუსეთის პრეზიდენტის მიმართვაში.
