მე ჩემს თავზე გამოვცადე ზუსტად ის, რასაც ახლა ელენე განიცდის. ისევ დიქტატორის ტყუილები და პროპაგანდის სიბინძურე, ეს არის სადისტების ჯგუფი, რომელიც უდიდეს სიამოვნებას განიცდის სხვა ადამიანების წამებით და თუ არ დავასრულეთ ესენი, დიდ საშინელებებს ჩაიდენენ , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
სააკაშვილი საუბრობს, თუ რა პირობებში იმყოფებოდა დაპატიმრების შემდეგ.
„ქოცნების “ნულოვანმა თანამგრძნობებმა” ატრიალეს ჩემი სახელი ელენესთან დაკავშირებით:“ აი, სააკაშვილი სიმულიანტობს, სიმულიანტობსო“. მინდა, შეგახსენოთ, თუ რა ხდებოდა ჩემს გარშემო პატიმრობის პირველივე დღეებიდან. დაპატიმრების შემდეგ გამოვაცხადე შიმშილობა, რომელიც გაგრძელდა 50 დღე. შიმშილობის 44-ე დღეს მოტყუებით (მითხრეს, რომ სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადავყავდი) მიმიყვანეს, ჩემთვის სახელდახელოდ სასწრაფოდ მოწყობილ გლდანის ციხის “სამკურნალო ბლოკში”, სადაც გამატარეს კრიმინალების მწკრივში, მათრიეს ასფალტზე, მირტყეს და გონება დამაკარგვინეს. იქვე მოვკვდებოდი სტრასბურგის სასამართლო რომ არ ჩარეულიყო და პარალელურად, მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები არ გამართულიყო. სწორედ ამ დროს ელენე ხოშტარიამ გამოაცხადა შიმშილობა ჩემი საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით და ძალიან დაიზარალა ჯანმრთელობა. ბოლოს, მას შემდეგ რაც გონება დავკარგე გლდანში, გადამიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში. საიდანაც ზუსტად ახალი წლის წინ, ისე რომ მკურნალ ექიმს, ნინო გოგორიშვილს ხელი არ ჰქონდა მოწერილი “ფორმა 100-ზე”, რაც ჩემს ადვოკატ ნ. გვარამიას წერილობით დაუდასტურა, დამტაცეს ხელი და მძიმე მდგომარეობაში გადამიყვანეს რუსთავის ციხეში. რუსთავში, ორი თვის შემდეგ, მდგომარეობა დამისტაბილურდა და რამდენიმე “სასამართლო” სხდომაზე გამოსვლა შევძელი. ამასობაში დაიწყო უკრაინის ომი და როგორც ჩანს, ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ამ ომის ხმაურის საფარქვეშ, ადვილად მოსაშორებელი ვიყავი, რის შემდეგაც რუსთავის ციხეში შეწყვიტეს ექიმების საღამოს მორიგეობა და აქედან რამდენიმე დღეში, საღამოს მკვეთრად ცუდად ვიგრძენი თავი. სიცხე ამივიდა 41-ზე, დამეწყო ღებინება, კრუნჩხვები, საშინელი ტკივილი, მთელ ტანზე გამომატარა. საიდანღაც მოყვანილი ექთნები სრულ პანიკაში ჩავარდნენ, მახსოვს ორივეს ხელები უკანკალებდა, ეს მდგომარეობა გაგრძელდა რამდენიმე დღე. შემდეგ დაიწყო წონის მკვეთრი კლება. საერთო ჯამში, დავკარგე წონის თითქმის 40%, ვეღარ დავდიოდი, დამეწყო მეხსიერების კატასტროფული ჩავარდნები. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ, იძულებული გახდნენ “ვივამედში” გადავეყვანეთ, მაგრამ ციხეშიც და “ვივამედშიც” კატეგორიულ უარს მეუბნებოდნენ მძიმე მეტალებზე ტესტის აღებაზე. არადა, სწორედ მძიმე მეტალებით მოწამვლაზე მიიტანა თავიდანვე ეჭვი ჩემმა მეგობარმა და ძალიან მაგარმა ექიმმა, ნიკა ყიფშიძემ. “ვივამედის” ხელმძღვანელობა მუდმივად იტყუებოდა ჩემს მდგომარეობაზე, ამცირებდა საფრთხეებს, აწარმოებდნენ სიმპტომურ მკურნალობას მუდმივი პლაზმის გადასხმით და ტკივილგამაყუჩებელი წამლებით. ბოლოს საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ დაუშვეს ამერიკელი და ევროპელი ექიმები, რომელთაც უტყუარად დაადასტურეს ჩემი მოწამვლის ფაქტი. მე კი კრიტიკული მდგომარეობიდან გამოსასვლელად 1,5 წელზე მეტი დამჭირდა, თუმცა მოწამვლამ დამიტოვა ქრონიკული ნეიროპათია, მეხსიერების პრობლემები, სახსრების ანთება. მოკლედ, მე ჩემს თავზე გამოვცადე ზუსტად ის, რასაც ახლა ელენე განიცდის. ისევ დიქტატორის ტყუილები და პროპაგანდის სიბინძურე, ეს არის სადისტების ჯგუფი, რომელიც უდიდეს სიამოვნებას განიცდის სხვა ადამიანების წამებით და თუ არ დავასრულეთ ესენი, დიდ საშინელებებს ჩაიდენენ“,-წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც მან აღნიშნა, ელენე ხოშტარიას სახსრების ძლიერი ტკივილი აქვს, მოძრაობის გაძნელება, რის გამოც ვერ ახერხებს ზოგჯერ წერას და გადაადგილებისას ყავარჯენი სჭირდება.
მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და აღნიშნა, რომ „ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი პირობით და შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის, სამედიცინო სერვისით“.
