რუსეთის სავაჭრო შეზღუდვების საპასუხოდ, EU-მა სომხეთს დახმარების სახით 34 მილიონი ევრო გადასცა – ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთში ევროკავშირის დელეგაცია ავრცელებს
“დღეს ევროკომისიამ სომხეთს 34 მილიონი ევრო გამოუყო, რათა დაეხმაროს ქვეყნის კერძო სექტორზე რუსეთის სავაჭრო შეზღუდვების შემსუბუქებაში. პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენისა და პრემიერმინისტრ ფაშინიანის სატელეფონო საუბრიდან სულ რაღაც ორ კვირაში, ევროკავშირი სწრაფად ასრულებს სომხეთისა და მისი ხალხის მხარდაჭერის ვალდებულებებს.
ეს ფინანსური დახმარება წარმოადგენს პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენის მიერ დაანონსებული უფრო ფართო პაკეტის პირველ ტრანშს, რომელიც ასევე მოიცავს ვაჭრობის ხელშეწყობისა და სოლიდარობის ზომებს სომხეთის ეკონომიკური მდგრადობის გასაძლიერებლად.
გასულ თვეში ევროკავშირი-სომხეთის სამიტზე აღებული ვალდებულებების საფუძველზე ევროკავშირი და სომხეთი გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას ბიზნესკავშირების გასაძლიერებლად და სომეხი მწარმოებლებისთვის ბაზარზე წვდომის გასაფართოებლად. სავაჭრო ინიციატივების, ბიზნესკავშირების დამყარების ღონისძიებებისა და ბაზარზე წვდომის მიზნობრივი ინიციატივების მეშვეობით, დამატებითი მხარდაჭერა გაეწევა სავაჭრო შეზღუდვებით დაზარალებულ სექტორებს, მათ შორის აგროსასურსათო პროდუქციის, ყვავილების წარმოებასა და სხვა საექსპორტო ინდუსტრიებს. ევროკავშირი-სომხეთის ეკონომიკური მდგრადობის სამუშაო ჯგუფი რეგულარულად აგრძელებს შეხვედრებს ამ ზომების განხორციელების წარმართვისა და მონიტორინგის მიზნით.
„ევროკავშირი მტკიცედ უდგას გვერდში სომხეთს – სუვერენულ, დემოკრატიულ და დამოუკიდებელ ქვეყანას. დღევანდელი მხარდაჭერა დაგვეხმარება მყისიერ ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავებაში და ამავდროულად, ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის სომხურ ბიზნესს რეგიონულ და ევროპულ ბაზრებზე ვაჭრობისთვის. ეს არის ევროპული სოლიდარობა მოქმედებაში“ აცხადებს ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი, რომელიც 5 ივლისს სომხეთში გაემგზავრება” – წერს ოფიციალურ განცხადებაში ევროკავშირის დელეგაცია სომხეთში
