საფრანგეთის პრეზიდენტმა ხმა ამოიღო და განაცხადა, რომ ამერიკა საფრანგეთს ვერ უკარნახებს, როგორი კანონები მიიღონ და როგორი პოლიტიკა შეიმუშაონ. სასტიკია კარმა. გვახსოვს, ევროკავშირის ლიდერები როგორ მიუთითებდნენ საქართველოს, როგორი კანონები ჰქონოდა, – პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
ნინო წილოსანის თქმით, ევროკავშირის იდეა ნიშნავდა, რომ წესები ყველას ერთი ჰქონდა, თუმცა, წილოსანის შეფასებით, ეს წესები მაშინ დაარღვიეს, როცა საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტის გადაწყვეტილებები მიიღეს.
„კარმა ასეთი სასტიკია. საქართველოს შემთხვევაში მოგვიწოდებდნენ, რომ მათი მითითებები მიგვეღო. ახლა თავად იმავე ფაქტების წინაშე დადგნენ. ამერიკის მხრიდან მითითება და შეთავაზებაა, რომ ტარიფებთან დაკავშირებით თუ ვერ მორიგდებიან, ფრანგულ ალკოჰოლურ სასმელებს 100-პროცენტიანი ტარიფი დაუწესდება. აქედან გამომდინარე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ხმა ამოიღო და განაცხადა, რომ ამერიკა საფრანგეთს ვერ უკარნახებს, როგორი კანონები მიიღონ და როგორი პოლიტიკა შემოიშაონ. სასტიკია კარმა, რადგან გვახსოვს, ევროკავშირის ლიდერები როგორ მიუთითებდნენ საქართველოს, როგორი კანონები ჰქონოდა. თუნდაც, გაიხსენეთ, როგორ გვაკრიტიკებდნენ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებისას. პრინციპი, რაც დიდ ქვეყანაში მისაღები და აუცილებელია, პატარა ქვეყნებს ამის უფლება არ აქვთ. ევროკავშირის იდეა იმას ნიშნავდა, რომ წესები ყველას ერთი ჰქონდა. მათ ეს წესები მაშინ დაარღვიეს, როცა საქართველოს მიმართ უსამართლოდ ორმაგი სტანდარტის გადაწყვეტილებები მიიღეს“, – განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთისგან ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გადასახადის გაუქმებას ითხოვს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კი პასუხობს, რომ აშშ არ წყვეტს ფრანგების კანონმდებლობის საკითხებს.
