ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ პსჟ-ის კაპიტანმა, მარკინიოსმა ისაუბრა. მან უსმან დემბელესა და ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატა.
„ჩვენ ვიცით, რამდენად რთულია „არსენალის“ წინააღმდეგ თამაში. ფინალში წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ, თუმცა ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია დაცვასა და შეტევაში, ასევე სტანდარტული მდგომარეობების დროს, რომლებშიც მეტოქე განსაკუთრებით ძლიერია და ამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. „ლივერპული“, „ბაიერნი“ – ყველა იმ გუნდთან, რომლებთანაც თამაში გაგვიჭირდა, ადაპტაცია და გამოწვევებზე რეაგირება შევძელით. იმედია, ფინალშიც ასე მოხდება.
პსჟ-ის სიძლიერე ისაა, რომ საფრთხე თითოეული ჩვენგანისგან მოდის. ჩვენ გვყავს თავდამსხმელები, რომლებიც თანაბრად კარგად უმკლავდებიან შეტევასა და დაცვას, შესანიშნავად ესმით თამაში, არიან მობილურები… გუნდში, რომელიც ლუის ენრიკემ შექმნა, მნიშვნელოვან როლს მხოლოდ სასტარტო შემადგენლობის მოთამაშეები არ ასრულებენ – აქ ყველა ფეხბურთელი თანაბრად მნიშვნელოვანია.
დემბელე და კვარაცხელია წარმოუდგენელ სეზონს ატარებენ. ჩვენ გვჭირდება ეს ლიდერები, რათა თავი გამოიჩინონ ისეთ გადამწყვეტ შეხვედრაში, როგორიც 30 მაისს, „არსენალის“ წინააღმდეგ გველის. გაგვიმართლა, რომ ისინი პსჟ-ში არიან, რადგან მოედანზე ბოლომდე იხარჯებიან. ამას ყველა გულშემატკივრის სახელით ვამბობ, რადგან ხედავენ, თუ როგორ დებს ეს ორი ფეხბურთელი მაქსიმუმს და ამიტომ ორივე მათგანი მოედანზე გასვლას ნამდვილად იმსახურებს“, – თქვა პსჟ-ის კაპიტანმა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი „პარი სენ-ჟერმენსა“ და „არსენალს“ შორის 30 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
