თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების, ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და კიდევ 12 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა თქვა.
როგორც პროცესის დასრულების შემდეგ, პროკურორმა, თამარ იაკობიძემ განაცხადა, წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომ მოცემულ ჯგუფურ ძალადობას ჰყავდა ხელმძღვანელი პირები, რომლებიც თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით უკვე დადასტურებულია.
“სასახლის ღობის საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი დაიდენტიფიცირებულია და ბრალდებულია, თუმცა, არის სხვადასხვა ეპიზოდები. 3 ადამიანი, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების მიერ არის ამოცნობილი და ბრალდებულია სხვა ეპიზოდებში, ამ შემთხვევაში. ხელმძღვანელების მოწოდებების, მოქმედებების რეალიზება განხორციელდა თითოეული ბრალდებულის მოქმედებაში, შესაბამისად, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდნენ ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელები, რომლებიც გარკვეულ ინსტრუქციას აძლევდნენ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირებს. საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარეს აბსოლუტურად გონივრული მოლოდინი აქვს, თითოეულ ბრალდებულთან მიმართებით, გამამტყუნებელი განაჩენის ბრალად წარდგენილ ქმედებასთან დაკავშირებით” – განაცხადა თამარ იაკობიძემ.
შემდეგ სასამართლო პროცესზე, რომელიც 25 მაისს, 11:00 საათზე გაიმართება, სასამართლოს დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარე მიმართავს.
ცნობისთვის, ვლადიმერ გველესიანს, სერგო მეგრელიშვილს, ზურაბ ჭავჭანიძეს, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მამულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
