მარნეულში, სავარაუდოდ, ტორტის ჭამის შედეგად 6 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ბავშვებიც – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Aktual ge სამოქალაქო აქტივისტის, ნარმინ საფაროვაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მომხმარებლებმა ტორტი ერთ-ერთ საკონდიტროში შეიძინეს. დაზარალებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
„ჩვენ მივმართავთ საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს და მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე ობიექტის, „ოვენის“ სასწრაფო შემოწმებას ვითხოვთ. აღნიშნულ ობიექტში ნაყიდი ტორტის ჭამის შემდეგ 6 ადამიანს, მათ შორის ბავშვებს, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ.
მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ 3 ადამიანი (2 ზრდასრული და 1 ბავშვი) სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა“ – აცხადებს ნარმინ საფაროვა.
აქტივისტი აცხადებს, რომ ტორტის ნაწილს, რომელიც შენახულია, ლაბორატორიულ კვლევაზე წარადგენენ.
„ჩვენი მოთხოვნაა, ფაქტები დროულად და ობიექტურად იქნას გამოძიებული, შემოწმდეს ობიექტის სანიტარული და სურსათის უვნებლობის მდგომარეობა, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევები თავიდან ავიცილოთ. შესაბამისი უწყებებისგან ოპერატიულ რეაგირებას ვითხოვთ“ – წერს აქტივისტი.
