სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “ტვ პირველს” დაუდასტურა ინფორმაცია, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი გიორგი უძილაურია. [იკავებდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობას].
გიორგი უძილაური ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი იყო. რამდენიმე წლით ადრე კი ის ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა.
უძილაური უძღვებოდა ივანიშვილის შეხვედრებს ჟურნალისტებთან.
დღეს, 5 მაისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს პირი, რომელიც ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე იყო და „ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისი ამჟამინდელი სამსახურებრივი მდგომარეობის, წარსულში დაკავებული თანამდებობებისა და სხვადასხვა უწყებაში არსებული პირადი კავშირების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ინტერესების სასარგებლოდ, სისტემურად ახორციელებდა ინფორმაციის მოპოვებას და მათთვის გადაცემას“.
