“სიჩუმე არ არის გამოსავალი, ეს უფრო დიდი უბედურების დასაწყისია, ამოიღეთ ხმა” – ამ შინაარსის შეძახილები ისმოდა ცოტა ხნის წინ ჭიათურის ცენტრში.
ქუჩებში ამჯერადაც მაღაროელები გამოვიდნენ. მოქალაქეების მოთხოვნები ამ დრომდე არ იცვლება – ითხოვენ დაპატიმრებული თანამებრძოლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და შრომის ადამიანურ პირობებს.
“ამ საპროტესტო აქციას ჰყავს 4 უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანი და ასევე 2000 ადამიანი, რომელიც კომპანიამ გაათავისუფლა. ჩვენ ჭიათურელი, მშრომელი ხალხი არ ვეგუებით უსამართლობას”, – ამბობს აქციის მონაწილე.
შეგახსენებთ, პატიმრობაშია 4 მაღაროელი. მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს 6 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა, თენგიზ გველესიანს და არჩილ ჭუმბურიძეს კი — 4 წელი და 3 თვე.
მაღაროელებს – გიორგი ნეფარიძეს, მერაბ სარალიძეს, თენგიზ გველესიანს და აჩიკო ჭუმბურიძეს პროკურატურა სისხლის სამართლის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) ედავებოდა.
შემთხვევა 2025 წლის 28 აპრილს მოხდა. ბრალდების მიხედვით, ოთხი მაღაროელი თითქოს თავს დაესხა შუქრუთის მაღაროს დირექტორს, თენგიზ კობერიძეს და ფიზიკურად გაუსწორდა მას.
მაღაროელების დაკავებას წინ უძღოდა მრავალდღიანი პროტესტი, შიმშილობა და მაღაროელთა მასშტაბური აქცია ქალაქ ჭიათურაში.
