ბათუმში უსახლკაროებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების პროტესტი იყო. აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლი ალყაში მოაქციეს და ხელისუფლებისგან საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და თავშესაფრის უზრუნველყოფა მოითხოვეს.
მათი განცხადებით, არჩევნების პერიოდში მიცემული დაპირებები არ შესრულდა. აქციის მონაწილეები “ოცნების” ხელისუფლებას ვადას 15 მაისამდე აძლევენ და აცხადებენ, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროტესტს უფრო მასშტაბურს გახდიან.
მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ შეკრებილთა დიდი ნაწილი უსახლკაროა და მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს. მათი თქმით, მიუხედავად ხმაურიანი პროტესტისა, “ოცნების” წარმომადგენლები ადგილზე მათთან შესახვედრად არ გამოსულან.
აქციას მოგვიანებით საპროტესტო მსვლელობაც მოჰყვა.
“25 წელია ვცხოვრობ ბათუმში ქირით. ვარ აფხაზეთიდან გადმოსული. სანამ ომი დაიწყებოდა, ერთი წლით ადრე მომიწია გადმოსვლა ზუგდიდიდან. დავრჩი იმის მერე აქეთ. ვარ შვილთან ერთად, ვარ შშმ პირი, ახლო მხედველი პირველი ჯგუფის. ვიყავი საფრანგეთში, 5 წელი ვიმუსავე საფრანგეთში, გადავიღალე, რომ შევძელი – წამოვედი. ვთხოვ ძალიან, რომ ჩემისთანა გაჭირვებულებს, შშმ პირებს, ხუთსართულიანი სახლები რომ აქვთ, იმათ ნაცნობობით ნუ მიმსცემენ, უცნობობით მისცენ და ღმერთი გადმოხედავს” – ამბობს პროტესტის მონაწილე.
“სამსახურში ვერ მოვეწყვე, მეუბნებიან, იმიტომ, რომ 45 წლის ვარ და მეუბნებიან, რომ მოხუცებული ხარო… პენსიაზე განცადება დავწერე, მეუბნებიან, რომ ახალგაზრდა ხარო, პენსია არ გეკუთვნისო. ვარ ნაქირავებში, თანხას ვერ ვიხდი, კომუნალურები აგვიწიეს, სოციალური მომიხსნეს იმის გამო, რომ ბინა არის 100 კვ.მ, მაგრამ ჩემი არ არის, ჭერი თავზე მენგრევა” – ამბობს მოქალაქე.
