29 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა “ტროტუარის საქმეებთან” დაკავშირებით, სასამართლოს მეგობრის ზოგადი მოსაზრებით (Amicus Curiae) თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა.
ომბუდსმენი განმარტავს, რომ ” ნებისმიერი შეკრება, მისი ძირითადი ბუნებიდან გამომდინარე, შესაძლოა, იწვევდეს ცხოვრების ჩვეული რიტმის გარკვეულ შეფერხებას, თუმცა მსგავსი შეფერხება ხელისუფლებამ უნდა დაუშვას”.
“ბოლო პერიოდში, სახალხო დამცველის აპარატში შემოსული განცხადებებისა და სხვადასხვა ღია საინფორმაციო წყაროებით დასტურდება, რომ საერთო სასამართლოები ამ საფუძვლით დიდი ოდენობის საქმეებს განიხილავენ.
შეკრების მონაწილეების მიერ ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვის ამკრძალავი ნორმა სიახლეა ეროვნული კანონმდებლობისთვის. ამგვარ საკანონმდებლო დათქმას სახალხო დამცველი გასული წლის დეკემბერში საჯარო განცხადებით გამოეხმაურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, არ შეეზღუდა მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა უფლებები მაშინ, როდესაც ქვეითთათვის შექმნილი დისკომფორტი, გადაადგილების ალტერნატიული მარშრუტების, შეკრების მონაწილეთა რაოდენობის თუ მისი ხანგრძლივობის გათვალისწინებით, არ აღწევს სერიოზულობის საკმარის ხარისხს. ახალი მოწესრიგება სახალხო დამცველმა 2025 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც გააკრიტიკა.
გამომდინარე იქიდან, რომ ტროტუარზე ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლებების შექმნის გამო შეკრების მონაწილეთა სამართალდამრღვევად ცნობის საქმეებზე შესაბამისი პრაქტიკის ჩამოყალიბება საერთო სასამართლოების მიერ ამჟამად მიღებული გადაწყვეტილებით ხდება, სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია იმ რელევანტური უფლებრივი სტანდარტების შესახებ, რაც მას დასახელებული საკითხის სათანადოდ გადაწყვეტაში დაეხმარება. მათ შორის, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ნებისმიერი შეკრება, მისი ძირითადი ბუნებიდან გამომდინარე, შესაძლოა, იწვევდეს ცხოვრების ჩვეული რიტმის გარკვეულ შეფერხებას, თუმცა მსგავსი შეფერხება ხელისუფლებამ უნდა დაუშვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამით მომეტებულად ზიანდება შემხვედრი ინტერესი. ამასთან, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტების მიდგომებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განვითარებული პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში შეჯამებულია ინდივიდუალური გარემოებები, რომლებიც სახალხო დამცველის მოსაზრებით მნიშვნელოვანია საერთო სასამართლოებმა მხედველობაში მიიღონ ასეთი საქმეების განხილვისას”. – ნათქვამია განცხადებაში.
სასამართლო მეგობრის ზოგადი მოსაზრება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
