უკრაინაში 2 წლის წინ დაღუპულ ქართველ მებრძოლს, დავით ღოღაძეს, სამშობლოში 26 აპრილს ჩამოასვენებენ – ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს და წერს, რომ გმირს თავდაპირველად თბილისში, შემდეგ კი თელავში გადაასვენებენ. მათივე ცნობით, დაღუპული მებრძოლის გადმოსასვენებლად უკრაინაში იმყოფებიან დავით ღოღაძის ძმა და ბიძაშვილი. გადმოსვენების პროცედურა საბრძოლო მოქმედებების გამო ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
ქართველი მებრძოლი დავით ღოღაძე უკრაინაში 2024 წლის 7 მაისს დაიღუპა. ის ქართული საბრძოლო ქვედანაყოფის ” შავი არწივის” წევრი იყო. ამავე ქვედანაყოფიდან ღოღაძესთან ერთად ქართველი მებრძოლი ბესო ლომიძეც დაიღუპა.
ორივე მათგანი ავდეევკის მიმართულებით მიმდინარე შეტაკებებს იმ დროს ემსხვერპლა, როცა დაღუპული თანამებრძოლის, სოსო გუგუტიშვილის ფრონტის ხაზიდან გამოყვანას ცდილობდნენ.
დავით ღოღაძეს თელავში სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
