თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ აგენტობის ბრალდებით დაკავებული კაცი ახალგორელი სტუდენტი აღმოჩნდა.
“რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, 27 წლის თამაზ გოლოევი (გოლოთი), ახალგორიდანაა. მამით ოსი და დედით ქართველი თამაზი ცხინვალში სწავლობდა და ხშირად ჩადიოდა თბილისში.
ბრალდებულის დედა ამბობს, რომ თბილისში ინფორმაციის გასარკვევად ჩავიდა, თუმცა შვილის შესახებ არაფერს ეუბნებიან.
როგორც ის ჰყვება, თამაზი თბილისში ახალგორიდან 2026 წლის 22 აპრილს, დილით ჩავიდა და ჩასვლისთანავე დააკავეს, რის შესახებაც ტელევიზორიდან გაიგო. შემდეგ თბილისში თვითონაც ჩავიდა, თუმცა შვილთან შეხვედრა ვერ მოახერხა.
- „მე არაფერი ვიცი, არც შემიშვეს, ვერაფერს გეტყვით, არაფერს მეუბნებიან“, – ამბობს ის.
დედის ინფორმაციით, მისი შვილის სასამართლო პროცესი, რომელზეც თამაზისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე უნდა ემსჯელათ, ჯერ არ გამართულა.
„მგონია, რომ ტყუილად აბრალებენ“, – ამბობს თამაზის დედა და ამატებს, რომ შვილისთვის არაფერი საეჭვო არ შეუმჩნევია.
ქალმა არაფერი იცის საქმის ორ სხვა ფიგურანტზე, რომლებიც სუსის ცნობით, ასევე ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილი და მათზე ძებნაა გამოცხადებული.
ვრცლად მასალა იხილეთ ბმულზე
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჯაშუშობისთვის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავა.
- უწყების მტკიცებით, დაკავებული პირი გადაბირებული იყო უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ, ჰქონდა მინიჭებული შესაბამისი ფსევდონიმი და ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ მოქმედებდა საქართველოს ინტერესების საზიანოდ.
- უწყების თანახმად, გამოძიებით დადგენილია, რომ ჯაშუშობისთვის დაკავებულ პირს დავალებული ჰქონდა საქართველოში ინფორმაციის შეგროვება შემდეგი მიმართულებით:
- საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს დისლოკაციის ადგილების, ძალებისა და საშუალებების შესახებ. ასევე მათი დისლოკაციის ადგილების ფოტო და ვიდეოგადაღება.
- საქართველოში სტრატეგიული ობიექტების – მათ შორის ხიდების, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების და სხვა დანიშნულების ობიექტების განთავსების შესახებ, ასევე აღნიშნული ადგილების ფოტო, ვიდეოგადაღება და სხვა.
