რამდენიმე წლის წინ მსახიობ ეკა ჩხეიძეს უცნაური რამ გადახდა, რისი ახსნაც მხოლოდ იმით შეიძლებოდა, რომ ეს უფლის ნიშანი იყო. ეს მოხდა მდინარე იორდანეში განბანვის დროს. მაშინ უამრავი ადამიანის თვალი მისკენ იყო მიპყრობილი და ყველა აღნიშნავდა, რომ ეს სასწაული მის რწმენაში გასაძლიერებლად ხდებოდა. თუ რა გადახდა თავს წმინდა მიწაზე, ამის შესახებ მსახიობი ჟურნალ „სარკეს“ უყვება:
ეს მოხდა წლების წინ. მე და ჩემმა მეგობრებმა იერუსალიმში ყველა წმინდა ადგილი მოვიარეთ. ერთ დღეს კი იორდანეში წავედით, რომ წყალში განბანვის რიტუალში მიგვეღო მონაწილეობა. სანამ მდინარე იორდანეში ჩახვალ, დიდ რიგში დგომა გიწევს. შემდეგ ლოცვებს გიკითხავენ. კიბით ჩადიხარ წყალში და სამჯერ უნდა ჩაყვინთო. დაახლოებით 100 მეტრში არის გასახდელი, სადაც სპეციალურ კაბას გაცმევენ, რომლითაც მდინარეში უნდა შეხვიდე.
ერთი სიტყვით, ჩვეულებრივად ჩავიცვი ეს თეთრი კაბა და ისე ჩავედი. წყლიდან რომ ამოვედი, შევამჩნიე, ხალხი მომშტერებოდა. დავიბენი. ვერ მივხვდი, რა მჭირდა. შემდეგ ვიღაცამ კაბაზე მიმანიშნა, რომელიც ბოლოში სულ სისხლიანი იყო. კაბა რომ ავიწიე, მუხლებიდან ტერფამდე სისხლი მდიოდა.
შევშინდი და გასასვლელისკენ გავიქეცი, რომ მენახა, რა მჭირდა. მეგონა, წყალში ჩასვლისას ფეხი გავიჭერი, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ პატარა ნაკაწრი იყო. ჩქარ-ჩქარა გავიარე 100 მეტრი. ხალხი გაოგნებული მიყურებდა. ზოგი მეუბნებოდა, რომ ეს ნიშანიაო.გასახდელში შევედი და სისხლი უკვალოდ იყო გამქრალი, აღარც ფეხებზე მეტყობდა რამე და აღარც კაბას ემჩნეოდა.
ვერ გეტყვით, მაშინ რა მოხდა ან ის სისხლი ასე როგორ გაქრა. ის კაბა სახლში წამოვიღე და ახლაც ვინახავ. მასზე პატარა ლაქაც კი არ დარჩა. ახლაც რომ ვყვები, არ მჯერა, რომ ეს მე დამემართა. როგორც მაშინ გარშემომყოფებმა ამიხსნეს, ეს იყო ნიშანი იმისა, რომ რწმენაში გავძლიერებულიყავი.“