გრიგოლ ლილუაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება – სუს-ის ყოფილი შეფის ეტაპირება რუსთავის ციხიდან ამ წუთებში მიმდინარეობს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
ახლა მთავარი კითხვაა, გახსნის თუ არა მოსამართლე ნატო ხუჯაძე პროცესს საქმეზე, სადაც გრიგოლ ლილუაშვილს უკანონო “ქოლ-ცენტრების” მფარველობას და დიდი ფულის გათეთრებას ედავებიან.
როგორც ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი “ტვ პირველს” ეუბნება, დაცვის მხარის სურვილია, რომ სასამართლოს სხდომები დახურულ რეჟიმში არ წარიმართოს.
უფლებადამცველის თქმით, მისთვის უცნობია, ისარგებლებს თუ არა დაკავებული მაღალჩინოსანი სიტყვით დღევანდელ პროცესზე.
“ეს არის წინასასამართლო სხდომა, სადაც იცით, რომ იხილება მხარეების მიერ მომზადებული მტკიცებულებების დასაშვებობების საკითხი. ასევე აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საკითხი, რა თქმა უნდა, თუ ჩაითვალა რელევანტურად. მე როგორც ვიცი, გრიგოლ ლილუაშვილი პროცესს დაესწრება. თუ რაიმე განცხადების გაკეთება უნდა, ვერ გეტყვით, მაგრამ არ ველოდები რაიმე განცხადების გაკეთებას. რაც შეეხება საქმის გახსნის საკითხს, სხვა ყველა ანალოგიური საქმე, რომელიც განხილვაში იყო, იცით, რომ ყველაზე პროკურატურამ იშუამდგომლა დახურვის თემა და ალაბათ, აქაც ასე იქნება. ეს ახლა პროკურატურის გადასაწყვეტია. ჩვენ, დაცვის მხარეს არ მიგვაჩნია სწორად სასამართლოს დახურვა და რა თქმა უნდა, ეს განხილვის თემაა და ჩვენ ჩვენს პოზიციას წარმოვადგენთ”, – განაცხადა ადვოკატმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ყოფილ მაღალჩინოსანს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
