ჩემს საქმეში არის ცარიელი ფურცელი, რომელზეც მითითებულია სახელი, გვარი და მუხლი, მეტი არაფერი – საქმე გვაქვს დიდ აბსურდთან, მტკიცებულებები არ არის, – ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო სხდომები სავარაუდოდ, დახურულ რეჟიმში ჩატარდება, რადგან „თუ გახსნიან, საზოგადოება ნახავს, რომ საქმე გვაქვს დიდ აბსურდთან და არა სამართლებრივ პროცესთან“.
„მოსამართლემ სხდომის გახსნაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ეს აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, რადგან ამ საქმეს შინაარსი არ აქვს. უბრალოდ, სურთ, რომ ადამიანები, ვინც საქართველოს განვითარებისთვის, ძლიერი ქვეყნისთვის, ერის კონსოლიდაციისთვის, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ამ ქვეყანაში კარგი ცხოვრებისთვის ვიბრძვით, გვაწვალონ და სასამართლო სხდომებზე გვატარონ. ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რომ ელენე ხოშტარიას, 4 შვილის დედას 1 წელი და 6 თვე მიუსაჯეს არაფრის გამო, ამიტომ არაფერი გვიკვირს, რაც ხდება ამ ქვეყანაში.
საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, რომ ამ ქვეყანაში არსებობს რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელსაც არ სურს, რომ ჩვენ ნორმალურად გავაგრძელოთ განვითარების გზა, არ სურს, რომ საქართველოში საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს პერსპექტივა, ამიტომ ჩვენი მთავარი გზავნილი არის კონსოლიდაცია, ერთად დგომა, იმისთვის რომ საქართველო დავაბრუნოთ განვითარების გზაზე, ვიყოთ რეგიონის ლიდერები, ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნით და რაც მთავარია, ეს უმძიმესი კრიზისი, რომელიც ქვეყანაში არის, გადავლახოთ ერთხელ და სამუდამოდ,“ – განაცხადა ვაშაძემ.
