მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა 64 წლის ლია მუშკუდიანს, რომლის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ არსებობდა.
ქალბატონი ლია ადვოკატის გარეშე იჯდა სხდომაზე, რომლის მიმდინარეობის შესახებ მედიამ მაშინ შეიტყო, როცა მოსამართლე ჩაგუნავა უკვე სათათბიროდ იყო გასული. მას „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავებოდნენ.
მოსამართლე ჩაგუნავამ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ქალბატონ ლიას განუმარტა, რომ მის „ასაკს ითვალისწინებდა“ და ამიტომ არ უშვებდა უფრო მეტდღიან პატიმრობაში. შეახსენა ისიც, რომ 3 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი უფიქსირდება მანამდეც. იგულისხმება ასევე აქციაზე ყოფნა და „გზის ხელოვნურად გადაკეტვა“, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რის გამოც გაასამართლეს ლია მუშკუდიანი.
შეგახსნებთ, რომ ლია მუშკუდიანი გუშინ, 22 ოქტომბერს, დაახლოებით 16:00 საათზე სახლთან ახლოს დააკავეს.
