აშშ ჩვენი მოწინააღმდეგეა, ხოლო მათი საუბრის მოყვარული „მშვიდობისმყოფელი“ რუსეთთან ომის გზას ბოლომდე დაადგა, – ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, დიმიტრი მედვედევი აშშ-ის მიერ „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ დასანქცირებას.
„ტრამპმა ბუდაპეშტის სამიტი გააუქმა. აშშ-მა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. კიდევ რა იქნება ? Tomahawk-ების გარდა ახალი იარაღი იქნება? თუ კომენტატორებიდან ვინმეს ილუზია ჯერ კიდევ ჰქონდა – აი, ეს მიიღეთ. აშშ ჩვენი მოწინააღმდეგეა, ხოლო მათი საუბრის მოყვარული „მშვიდობისმყოფელი“ რუსეთთან ომის გზას ბოლომდე დაადგა. დიახ, ის ჯერჯერობით ბანდერული კიევის მხარეს სრულად არ იბრძვის, მაგრამ ეს ახლა მისი კონფლიქტია და არა მარაზმატიკი ბაიდენის! რა თქმა უნდა, იტყვის, რომ სხვა გზა არ ჰქონდა და კონგრესმა მასზე ზეწოლა მოახდინა. ეს მთავარს არ ცვლის: მიღებული გადაწყვეტილებები რუსეთის წინააღმდეგ ომის აქტია. ახლა ტრამპი შეშლილი ევროპის მხარეს სრულად დადგა“, – წერს მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია – “როსნეფტი” ,“ლუკოილი” და 34 შვილობილი კომპანია დაასანქცირა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
