გავრცელებული ინფორმაციით, 464 496 ლარის მისაკუთრების ფაქტზე დაკავებული ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე, ფეხბურთელ ოთარ კაკაბაძის ბიძაა, რომელიც 2024 წლის “ქართული ოცნების” საარჩევნო კლიპში მონაწილეობდა.
“საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ისარგებლა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით და 2019-2021 წლებში, მის მფლობელობაში არსებული, ფედერაციის კუთვნილი ბიზნესბარათების გამოყენებით, საბანკო ანგარიშებიდან, სხვადასხვა ბანკომატის მეშვეობით გამოიტანა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ა(ა)იპ საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის კუთვნილი 464 496 ლარი, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
