ნახევარ მილიონქმდე ლარის მითვისების ფაქტზე დაკავებულია საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე, ამასთან დაკავშირებით ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი ლევან სალუქვაძე საუბრობს.
მისი თქმით ჯერ-ჯერობით საქმის ყველა დეტალი უცნობია, თუმცა ნახევარი მილიონი ნებისმიერი ქვეყნისათვის დიდი დანაკარგია.
“ჩვენთვის ყველა დეტალი უცნობია. როდესაც ჩვენ მოვედით ფედერაციაში ჩვენი გუნდით, ვახტანგ მეიფარიანი როდესაც აირჩიეს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტად, შემოვიყვანეთ აუდიტი, მერე კერძოს მოყვა სახელმწიფო აუდიტი, შემდეგ სპორტის სამინისტროს სპეციალური აუდიტი და მათი საბუთების საფუძველზე დაინტერესდა პროკურატურა, აღიძრა საქმე, იყვნენ მოსული შესაბამისი ორგანოებიდან ფედერაციაში, გარკვეული დოკუმენტაცია გამოითხოვეს და წაიღეს. ნახევარი მილიონი, ალბათ, ნებისმიერი ფედერაციისთვის დიდი დანაკარგია. იმ პერიოდის, დაახლოებით, 40-50%”, – განაცხადა ლევან სალუქვაძემ მედიასთან.
