თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
ადვოკატ ბექა ნემსიწვერიძის განცხადებით, რომეო მიქაუტაძის სახლიდან სამართალდამცავებმა 1200 დოლარი ამოიღეს, ამ ფულს კი, მისი თქმით, კავშირი არ აქვს იმ საქმესთან, რომლის ფარგლებში 7 მილიონი დოლარი ამოიღეს.
“ჩვენ უკვე გადავედით მტკიცებულებების კვლევაზე. ველოდებით, რომ ბრალდების მხარე წარმოადგენს რამდენიმე მოწმეს. ჯერჯერობით, უცნობია, თუ კონკრეტულად ვინ იქნებიან დასაკითხი პირები. გავიგებთ უშუალოდ პროცესზე და დავკითხავთ. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ის თანხა, რომლის ლეგალიზაციასაც ედავებიან რომეო მიქაუტაძეს, არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. რევიზიამ რომელმაც დაადგინა ამ თანხის ოდენობა, არ გაითვალისწინა არც რომეო მიქაუტაძის ოჯახის მიერ აღებული სესხები, არც შემოსავლები. ქონებების ჩამონათვალში შეტანილია ისეთი ქონებები, რომელიც არ ეკუთვნის არც რომეო მიქაუტაძეს, არც მის ოჯახს. შესაბამისად, ის თანხა 8.5 მილიონი, არის აბსურდი. ჩვენ დანიშნული გვაქვს ალტერნატიული ექსპერტიზა და ველოდებით პასუხს, თუმცა წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლოსაც არ არის ის თანხა, რომეო მიქაუტაძის ქონების ღირებულებასთან, რასაც ბრალდების მხარე ამტკიცებს.
რაც შეეხება ჩატარებულ ჩხრეკას, ჩხრეკა იყო, ამოიღეს რამდენიმე დოკუმენტი და ასევე 1200 დოლარი თანხა. ჩვენ ვიცით, რომ რომეო მიქაუტაძის სახლში იყვნენ შესულები, ამოიღეს რამდენიმე ნივთი, მცირე ოდენობით ფულადი თანხა, საუბარია 1200 დოლარზე. რაც შეეხება სხვა პირებს ვისთან ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება, ჩემთვის უცნობია გარდა იმ ინფორმაციისა, რაც მედიასაშუალებით გავრცელდა. ჩვენ შემთხვევაში რაიმე ისეთი ინფორმაცია არ არის ამოღებული, რამაც შესაძლოა დააინტერესოს გამოძიება“,- განაცხადა ბექა ნემსიწვერიძემ.