დაჭერამდე ერთმანეთს ვუთხარით, რომ არავითარ საკრალურობას არ მივანიჭებდით ამ დაკავებას საქმეს გავაგრძელებდით ისე, როგორც დაგეგმილი გვქონდა, ამიტომ ვაგრძელებთ ბრძოლას იგივე მიზნით, – ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს” წევრმა, თაზო დათუნაშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა.
როგორც თაზო დათუნაშვილმა აღნიშნა, ლიდერების დაკავება გასაკვირი არ ყოფილა და მიუხედავად ამისა, ისინი აქტიურად აგრძელებენ იმ გეგმებზე მუშაობას, რაც აქამდე ჰქონდათ.
მისივე თქმით, აქტიურად განიხილავენ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საკითხებს, რადგან პარტიამ საბოლოო მიზანს მიაღწიოს.
“ჩემი ორი უახლოესი ადამიანი დღეს ამ ქვეყნის უბედურების გამო ციხეში ზის. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვიყავით ამ პროცესისთვის და ეს სცენარიც დამუშავებული გვქონდა.
დაჭერამდე ჩვენ ერთმანეთს ვუთხარით, რომ არავითარ საკრალურობას არ მივანიჭებდით ამ დაკავებას და საქმეს გავაგრძელებდით ისე, როგორც დაგეგმილი გვქონდა, ამიტომ ვაგრძელებთ ბრძოლას იგივე მიზნით – საქართველოს დეოკუპაციისთვის, ახალი არჩევნებისთვის, პოლიტპატიმრების განთავისუფლებისთვის. ეს არის ჩვენი გზა.
თვითმმართველობის არჩევნებზე იგივე პოზიცია გვაქვს, რაც გვქონდა, აქტიურ დისკუსიებში ვართ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და ადამიანთან, რომ ვიმსჯელოთ შეიძლება თუ არა თვითმმართველობის არჩევნები გამოყენებული იყოს როგორც პლაცდარმი დიდი ბრძოლისთვის, რომელიც მიზნამდე მიგვიყვანს.
გუშინ ჩვენ გვქონდა საუბარი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, გავცვალეთ იდეები და მივაწოდეთ ინფორმაცია პოლიტიკური ლიდერების იდენტურ საქმეებზე. ასევე ვთქვით, რომ აუცილებლად გავაგრძელებდით ამ მიმართულებით აქტიურ ურთიერთობას. დარწმუნებული ვარ, რომ დიპლომატები მიაწვდიან ინფორმაციას შესაბამის ორგანოებს, რომ შესაბამისი რეაგირება ჰქონდეს ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან და ეს რეაგირება უკვე წამოსულია.”- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.